ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე ამ სახალისო ისტორიას ხშირად და დიდი ემოციით იგონებდა:
„ფილმ „დონ კიხოტის“ გადაღებაზე რეზო ჩხეიძემ შემიკლა ხელში. წონაში უნდა მოიკლოო და დამსვა ამხელა კაცი ვაშლისა და ბრინჯის დიეტაზე. უშაქრო და უმარილო ბრინჯი და ვაშლი ჭამოს ყოველდღე ჩვენმა დამწყევლელმა! მოკლედ, 104 კილოგრამიდან 78-ზე ჩამომიყვანეს. ქვა იწვოდა ჩემი ცოდვით.
ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღება ახალციხეში მიმდინარეობდა. ერთ საღამოს ბანკეტი მოგვიწყეს, მთელი რაიკომი იქ იყო. რეჟისორმა მითხრა — შენც წამოდი, კახიო. სად უნდა წამოვიდე, თუ გიყვარდეს კაცი, დაფაზე ცარცით დახატულს ვგავარ-მეთქი, — უარი ვუთხარი. „დონ კიხოტის“ კოლექტივს პატიჟებენ და უდონკიხოტოდ როგორ წავალთო? მოკლედ, დამიყოლიეს და მეც დავყევი.
გაიშალა სუფრა, ულაწუნებს ყველა მწვადს და გოჭის რბილ-რბილ ხორცს. ირგვლივ შემოტანილია შემწვარი წიწილები, მოხარშული ბურვაკი, ცხელ-ცხელი ხაჭაპურები… მე კი წინ დამიდეს უმარილო ბრინჯი. რავარია?
ერთი საათი გავუძელი. მეორე საათი რომ დაიწყო, შევატყე, კონტროლიდან გამოვდიოდი. ბოლოს და ბოლოს კახი ვიყავი, მართლა დონ კიხოტი კი არა! დონ კიხოტს გააციებს წელში ჩემი ცოდვისთვის-მეთქი, — გავიფიქრე, — ესენი როგორ მაჯობებენ, ერთ ცხვარს შევჭამ, თუ საქმეს დასჭირდა, თანაც დაუხმარებლად.
ვეღარ მოვითმინე, ვსტაცე ხელი ქათმის ბარკალს და მივაყოლე შეგრილებული ხაჭაპური. სანამ ვინმე ყურადღებას მომაქცევდა, მწვადიც ვიდურთე პირში. ღვინო რომ მივაყოლე, სწორედ მაშინ „ჩამიშვა“ ვიღაც ენაგასახმობმა.
— მღუპავ?! — იყვირა რეზო ჩხეიძემ და ჩემკენ მაშინვე ორი ასისტენტი დაიძრა. — არ დაგანებებთ! — დავიყვირე და პირში ხორციანი ღვეზელი შევიტენე. ერთი ასისტენტი ვერ მომერეოდა, მეორე კი ჯერ კიდევ შორს იყო. ვეცი ისევ ღვინოს და სწორედ ამ დროს გამიკავეს ხელები. თუმცა უკვე გვიანი იყო — დანაყრებულიც გახლდით და გამობრუჟულიც.
ასეა, მსახიობი რეჟისორის ტყვეა, მონაა. ზოგს ჰგონია, რა კარგი პროფესიაა, ერთობი და ფულს იღებო. არაა, ბაბაია, მასე, არა!“
The post „მღუპავ?!“ — როგორ „ჩაუშვეს“ ქათმის ბარკლითა და ხაჭაპურით ხელში დაჭერილი კახი კავსაძე რეზო ჩხეიძესთან appeared first on გურია ნიუსი.