სააგენტო "პარალელი"
“ღარიბაშვილის უბადრუკი წერილი ბატონყმობაზე აგებული სისტემის სიცარიელესა და მის გარდაუვალ რღვევაზე მიანიშნებს” – ლევან ცუცქირიძე
“თავისუფლების მოედნის” ლიდერი, ლევან ცუცქირიძე მთავრობის ყოფილი მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ წერილს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება:
“ღარიბაშვილის უბადრუკი წერილი ბატონყმობაზე აგებული სისტემის სიცარიელესა და მის გარდაუვალ რღვევაზე მიანიშნებს. ეს ყველაფერი ისედაც დიდი ხანია ნათელი იყო ბევრისთვის – მაშინაც, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი თავისუფალი იყო და რაღაც ძალაუფლებაც ჰქონდა. მაშინ ის სწორედ ასე ეპყრობოდა სხვებს: უსამართლოდ, ძალადობით და ცინიზმით – ბატონის გასახარად და არა სახელმწიფოს სასიკეთოდ.
იმის მიუხედავად, რომ მას ახლა სწორედ ის ურჩხული ჭამს, რომელსაც თავადაც არ მოაკლო სხვების თავები, ისიც, როგორც ყველა სხვა, სამართლიან სასამართლოს იმსახურებს და ამის დრო აუცილებლად მოვა, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ მან ამისათვის რამე გააკეთა, არამედ იმიტომ, რომ ამ ქვეყნის ღირსეული ნაწილი უფრო ადრე, ვიდრე გვიან, უარს იტყვის სამარცხვინო ფარსში მუდმივად ცხოვრებაზე და დაიბრუნებს ქვეყანასა და სახელმწიფოს.
როგორ უნდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, რომელსაც ასეთი ხალხი მართავდა და მართავს? რა ნამუსით უნდა ვილაპარაკოთ ქართველობაზე, ტრადიციასა და ღირსებაზე, თუკი მათ ქვეყნის საბოლოოდ მითვისების და დამოუკიდებლობის გაყიდვის უფლებას მივცემთ? ყველამ უნდა იცოდეს – საქართველოს ბედი მისი თითოეული მოქალაქის ხელშია და ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ამ ქვეყანას ემუქრება და რაც აღსრულდება კიდეც, თუკი მეტი, ბევრად მეტი მოქალაქე, ვიდრე აქამდე, არ გადაწყვეტს, ხმა აიმაღლოს, არ შეეგუოს და იმოქმედოს.
რა საცოდაობაა, რომ ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, ივანე ჯავახიშვილის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, მიხა ხელაშვილის, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და გიორგი ანწუხელიძის ქვეყანა ამ უპრინციპო, უვიცი, სოციოპათი, მოღალატე, მექრთამე ბანდიტების ხელში აღმოჩნდა.
ახლოვდება დრო, როდესაც ერმა და ბერმა თავები უნდა ავწიოთ, დუმილი შევწყვიტოთ, შიში დავამარცხოთ და ამ თაღლითებისგან დავიხსნათ საქართველოც, შვილების მომავალიც და ჩვენი ღირსებაც.
არჩევანი ნათელია და ის ჩვენზეა: სირცხვილი ან ღირსება, მონობა ან თავისუფლება“, – წერს ლევან ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.
“ღარიბაშვილის უბადრუკი წერილი ბატონყმობაზე აგებული სისტემის სიცარიელესა და მის გარდაუვალ რღვევაზე მიანიშნებს” – ლევან ცუცქირიძე
პარალელი