29 მარტს, საქართველოს ნაკრები წლის პირველი შეკრების მეორე ამხანაგურ მატჩს ლიეტუვის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ დარიაუს ირ გირენო სტადიონზე ივარჯიშა.
საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მედიის კითხვებს უპასუხა.
ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): ლიეტუვის ნაკრებს ხანგრძლივი მოუგებელი სერია ჰქონდა, ორი დღის წინ კი მოლდოვა დაამარცხა, რაც გუნდის თავდაჯერებაზე დადებითად აისახება. სწორედ ამიტომ, რთულ თამაშს ველით. სტუმრად ვთამაშობთ და დარწმუნებული ვარ, მეტოქე საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ყველაფერს გააკეთებს კარგი თამაშის ჩასატარებლად. თუმცა, ეს ჩვენთვისაც კარგია, რადგან მეტოქის მონდომება მოულოდნელობა არ იქნება. ჩემმა ფეხბურთელებმა იციან, რომ მოსაგებად ასი პროცენტი უნდა გაიღონ.
ჩაკვეტაძე უკვე ერთი წელია, სომხეთთან მატჩის შემდეგ გვაკლია. ის დიდი ძალაა ჩვენთვის. გიორგი ისრაელთან მატჩის წინ დაგვიბრუნდა, თუმცა მცირე პრობლემების გამო არ უთამაშია. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ ვიმედოვნებ, რომ ხვალინდელ შეხვედრაში დაგვეხმარება.
მარტისა და ივნისის ამხანაგური მატჩები შესაძლებლობაა, ვნახოთ სხვადასხვა ფეხბურთელი, მათ შორის, განსხვავებულ პოზიციებზე. მაგალითად, როგორც ეს გიზი მამაგეიშვილის შემთხვევაში იყო, რომელმაც ისრაელთან მარჯვენა ფლანგზე ითამაშა. ხვალ მეორე მატჩი გვაქვს და ახალი ენერგია გვჭირდება. შესაბამისად, შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება.
ლიეტუვისა და საქართველოს ეროვნული გუნდების შეხვედრა 29 მარტს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
The post „ასი პროცენტი უნდა გავიღოთ“ – ვილი სანიოლის მოლოდინი ლიეტუვასთან მატჩის წინ appeared first on გურია ნიუსი.