
საქართველო და რუსეთი
რუსეთი აცხადებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზად არის, თუმცა მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც თბილისი თავად დაუშვებს. ეს გზავნილი მოსკოვიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა გააჟღერა, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კრემლის პოზიციას: დიალოგის სიღრმე ქართული მხარის მზაობაზე იქნება დამოკიდებული.
გალუზინის თქმით, მიუხედავად “ცნობილი პოლიტიკური პრობლემებისა“, მოსკოვი იმედოვნებს, რომ ურთიერთობები ეტაპობრივად განვითარდება იმ სფეროებში, სადაც ეს ორივე მხარის ინტერესში შედის. მისი შეფასებით, უკვე შეინიშნება აქტიური დინამიკა ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ტურისტულ კავშირებში. ეს არის მიმართულებები, რომლებიც ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის პრაქტიკულ ნაწილს განსაზღვრავს.
რუსი დიპლომატი ასევე ამბობს, რომ კრემლი ელოდება თბილისიდან “კონსტრუქციული მიდგომის“ გაგრძელებას, მიუხედავად არსებული პოლიტიკური სირთულეებისა. მისი თქმით, თანამშრომლობა შესაძლებელია იქ, სადაც არსებობს ორმხრივი სარგებელი და მზადყოფნა.
გალუზინმა ყურადღება გაამახვილა კულტურულ და სულიერ კავშირებზეც. მან ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, მიხაილ შვიდკოის ვიზიტზე, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვას უკავშირდებოდა.
მისი შეფასებით, ილია II იყო “საქართველოს ეროვნული სულიერი ლიდერი“, რომელმაც მნიშვნელოვანი ავტორიტეტი მოიპოვა საერთაშორისო დონეზე და იცავდა მართლმადიდებლურ ტრადიციებსა და ერთობას.
გალუზინის თქმით, შვიდკოის მიერ გამოთქმული სამძიმარი და ვიზიტი თავად მოწმობს ორ ხალხს შორის კულტურულ და ისტორიულ სიახლოვეს, ასევე, საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ ურთიერთობას, რომელსაც, მისი თქმით, მომავალშიც აქვს პოტენციალი განვითარდეს.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოსკოვი “ყოველთვის მზადაა“ საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის და მიანიშნა, რომ მსგავსი ინტერესი “როგორც ჩანს, ქართულ მხარესაც აქვს“.
დიპლომატიური ურთიერთობების ოფიციალური არხების არარსებობის მიუხედავად, ზახაროვამ ხაზი გაუსვა ე.წ. “ხალხთაშორისი კავშირების“ მნიშვნელობას, როგორც გზას ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის. მისი თქმით, პოლიტიკური დიალოგი კვლავ შესაძლებლად რჩება, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თბილისი ამისთვის მზად იქნება.
ამავე კონტექსტში, მან პასუხისმგებლობა დიალოგის შეჩერებაზე 2008 წლის მოვლენებსა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის “დანაშაულებრივ და უგუნურ რეჟიმს“ დააკისრა. ზახაროვას განცხადებით, რუსეთისგან დისტანცირება საქართველოსთვის “რაციონალურად დასაბუთებული“ არჩევანი არ არის და მიანიშნა, რომ თბილისი თანდათან აცნობიერებს დასავლეთის “ნამდვილ მიზნებს“.