აშშ-მა საქართველოს მოქალაქეებისთვის 10-წლიანი ვიზები გააუქმა და 15 000-დოლარიანი გარანტია დააწესა — Cnoba

Knews სიახლე 02 Apr 2026, 06:37

knews.ge აშშ-მა საქართველოს მოქალაქეებისთვის 10-წლიანი ვიზები გააუქმა და 15 000-დოლარიანი გარანტია დააწესა დღეიდან, 2026 წლის 2 აპრილიდან, საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ვიზების გაცემის წესი შეიცვალა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო იმ 50 The post აშშ-მა საქართველოს მოქალაქეებისთვის 10-წლიანი ვიზები გააუქმა და 15 000-დოლარიანი გარანტია დააწესა appeared first on knews.ge.

knews.ge
აშშ-მა საქართველოს მოქალაქეებისთვის 10-წლიანი ვიზები გააუქმა და 15 000-დოლარიანი გარანტია დააწესა

დღეიდან, 2026 წლის 2 აპრილიდან, საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ვიზების გაცემის წესი შეიცვალა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო იმ 50 ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომლებზეც „სავიზო საგარანტიო საპილოტე პროგრამა“ გავრცელდა.

ცვლილებების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები ტურისტულ და ბიზნეს (B1/B2) ვიზებს ვეღარ მიიღებენ 10-წლიანი ვადით. ამიერიდან ვიზა გაიცემა მხოლოდ ერთჯერადად, 3 თვის ვალიდობით და ქვეყანაში მაქსიმუმ 30 დღით დარჩენის უფლებით.

ახალი რეგულაციით, აპლიკანტებს ვიზის მისაღებად შესაძლოა დასჭირდეთ ფინანსური გარანტიის, ე.წ. ბონდის წარდგენა. თანხის ოდენობას 5 000, 10 000 ან 15 000 აშშ დოლარს საკონსულო ოფიცერი ინტერვიუს დროს განსაზღვრავს.

პროგრამის მიზანია უზრუნველყოს ვიზიტორების დროული დაბრუნება საკუთარ ქვეყნებში. გადაწყვეტილება ეფუძნება შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის 2024 წლის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების მიერ ვიზის ვადის გადაცილების მაჩვენებელი 7.43% იყო (ვადაგადაცილებით ქვეყანა 690-მა მოქალაქემ დატოვა).

მოქალაქეებმა ფინანსური გარანტიის წარდგენის პროცედურა მხოლოდ საკონსულო ოფიცრის მითითების შემდეგ უნდა დაიწყონ:

აპლიკანტმა უნდა შეავსოს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის I-352 ფორმა.
თანხის გადახდა ხდება მხოლოდ სახაზინო დეპარტამენტის პლატფორმის (Pay.gov) მეშვეობით.
თანხის გადახდა არ ნიშნავს ვიზის გაცემის გარანტიას. ოფიცრის მითითების გარეშე გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.
ვიზის მფლობელები, რომლებმაც საგარანტიო თანხა გადაიხადეს, ვალდებულნი არიან აშშ-ში შევიდნენ და ქვეყანა დატოვონ მხოლოდ კონკრეტული კომერციული აეროპორტების გავლით. ესენია:

ნიუ-იორკი (JFK), ვაშინგტონი (IAD), ატლანტა (ATL), ჩიკაგო (ORD), ლოს-ანჯელესი (LAX), ბოსტონი (BOS), ნიუარკი (EWR).
ასევე კანადის ქალაქები: ტორონტო (YYZ) და მონრეალი (YUL).
აკრძალულია სახმელეთო, საზღვაო ან ჩარტერული რეისებით გადაადგილება.
დეპოზიტი მფლობელს უკან დაუბრუნდება (პროცენტის გარეშე), თუ:

პირი აშშ-ს დატოვებს ნებადართული ვადის ამოწურვამდე;
საერთოდ არ გაემგზავრება აშშ-ში ვიზის ვადის გასვლამდე;
საზღვარზე ქვეყანაში შესვლაზე უარს ეტყვიან.
დაბრუნების პროცესი ავტომატურია, თუმცა მოგზაურს შეუძლია მექანიკურადაც დაიწყოს პროცედურა აშშ-ის დატოვებიდან 30 დღეში. ამისთვის მან უნდა წარადგინოს მტკიცებულებები (ჩასხდომის ბარათები, პასპორტის შტამპები, სახელფასო ქვითრები სხვა ქვეყნიდან და ა.შ.), რაც ადასტურებს, რომ მან აშშ დროულად დატოვა.

თანხა სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება, თუ პირი:

აშშ-ს დატოვებს დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ;
დარჩება აშშ-ში უვადოდ;
ითხოვს სტატუსის შეცვლას, მათ შორის თავშესაფარს.
აღნიშნული საპილოტე პროგრამა სახელმწიფო დეპარტამენტმა 2025 წლის 5 აგვისტოს აამოქმედა. 18 მარტს საქართველოსთან ერთად სიას კიდევ 11 ქვეყანა დაემატა (მათ შორის მონღოლეთი, ტუნისი, ნიკარაგუა). მანამდე პროგრამა 38 ქვეყანაზე ვრცელდებოდა.

შეზღუდვა ძალაშია 2026 წლის 5 აგვისტომდე. პროგრამის მოქმედების პერიოდში საგარანტიო თანხის გადახდისგან გათავისუფლების პროცედურა არ იმოქმედებს.

The post აშშ-მა საქართველოს მოქალაქეებისთვის 10-წლიანი ვიზები გააუქმა და 15 000-დოლარიანი გარანტია დააწესა appeared first on knews.ge.