25 მარტს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა შედგა.
საკრებულოს წევრებმა და თავმჯდომარემ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას.
ამის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ საკრებულოს წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი გააცნო.
პირველი საკითხის ირგვლივ, “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, “განკარგულების მიღების თაობაზე, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, ხათუნა სურგულაძემ ისაუბრა:
_ ეს არის საკითხი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მდებარე 244 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. შემდგომში სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კაპიტალში შეტანის მიზნით, _ განმარტა მან.
განკარგულება წარმოდგენილი სახით მიიღეს.
მეორე საკითხი _ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2026 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ”, _ სოციალური სამსახურის განყოფილების უფროსმა, მაიზერ ცელაძემ წარმოადგინა.
მან ვრცლად ისაუბრა მუნიციპალური ორგანოების ვალდებულებათა შესახებ, რომლებიც კომპეტენციის ფარგლებში ვალდებული არიან, შეიმუშაონ და დანერგონ დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერისა და სოციალური ინკლუზიის პროგრამები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით და მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.
_ ეს ყოველივე საჭიროა, რათა ჩვენ უზრუნველვყოთ ადგილობრივ დონეზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში სრული მონაწილეობა, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი სერვისების, პროგრამების გახორციელება, _ თქვა მან.
მაიზერ ცელაძემ ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო სტანდარტების შემუშავების აუცილებლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს პრაქტიკული ბარიერების და სტერეოტიპების აღმოფხვრა, პერსონალური ასისტენტის სერვისით სარგებლობა, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო საშუალებებით სარგებლობა, დამოუკიდებელი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით, მხარდაჭერითა და კონსულტაციით სარგებლობა, ქვეყნის სოციალურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა, ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, საცხოვრებელი სახლის, სამედიცინო დაწესებულების, სამუშაო ადგილის თუ სხვადასხვა მომსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობა.
ცელაძემ, ასევე, ისაუბრა მუნიციპალიტეტის ვალდებულებაზე, ყოველწლიურად მოამზადოს შშმ პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია შშმ პირთა უფლებების დაცვის სისტემური გარანტიების გაძლიერება და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მათი მონაწილეობის გაზრდა.
მაიზერ ცელაძემ ისაუბრა უმთავრესზე _ სამუშაო გეგმაზე, რომელიც შედგება სტრატეგიული ამოცანებისა და აქტივობებისგან, რაც მდგომარეობს საქართველოს კანონის “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ”, გათვალისწინებაში, რომელიც მრავალი აქტივობითაა გამოხატული. გეგმაში მითითებულია აქტივობების შესრულების როგორც დრო, ასევე, დაფინანსების წყაროები, რაც ძირითადად განპირობებულია მუნიციპალური და დონორი ორგანიზაციების მიერ.
გეგმის მიხედვით მთელი წლის მანძილზე უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტის მიერ შშმ პირთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციართა აღრიცხვა და ბაზების შექმნა-განახლება. ასევე, მთელი წლის მანძილზე უნდა შეფასდეს შესრულებული პროექტები, “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ”, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების 2026 წლის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
მაიზერ ცელაძის მიერ წარმოდგენილ გეგმას, მხარი შენიშვნების გარეშე დაუჭირეს და დადგენილება კენჭისყრით დაამტკიცეს.
ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გოჩა აბაშმაძემ ისაუბრა საკითხზე _ “საქართველოს რეგიონებში გახორციელებული პროექტების ფონდიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.”
მან ილაპარაკა გასახორციელებელი პროექტების შესახებ. კერძოდ, რომ პროექტი მოიცავს სპორტული ინფრასტრუქტურის, მშენებლობა-რეაბილიტაციის ექსპლუატაციას. წარმოდგენილი პროექტი (ერთი პროექტი ღირებულებით 340 447, 33 ლარი) მოდის ოზურგეთში, კოსტავას ქუჩის მიმდებარედ, ხელოვნურსაფარიანი მოედნისა და სამაყურებლო ტრიბუნის მოსაწყობად.
გოჩა აბაშმაძემ თქვა, რომ ამ პროექტის გახორციელება არის ჯანსაღი ცხოვრების წესის გაუმჯობესება და პოპულარიზაცია. კერძოდ, ეს ეხება ორ ობიექტს: ოზურგეთის სპორტული სკოლის “ამირანის” შენობის რეაბილიტაციას (პროექტის ღირებულება 698 495 ლარი) და ქალაქ ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ფასადების რეაბილიტაციას (პროექტის ღირებულება 565 927 ლარი).
დადგენილების დამტკიცებას საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს. საწინააღმდეგო აზრი არავის გამოუთქვამს.
საკითხის _”ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ”, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გენო მორჩილაძემ ისაუბრა.
მან ჩამოთვალა, თუ რომელი მუხლით, ვის ეხება შეღავათიანი მგზავრობის ტარიფი. ისაუბრა პროექტის მიღების მიზეზზე. პროექტის მახასიათებელ ძირითად ნიშნებზე, რაც არის: მუნიციპალურ ავტობუსებზე მგზავრობის ტარიფის განსაზღვრა; შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე პირთა კატეგორიის დადგენა; უფასო მგზავრობის უფლების მქონე პირთა განსაზღვრა, რაც უკვე დადგენილია; სამგზავრო პლასტიკური ბარათების გამოყენების და გაცემის წესის აღდგენა-გადახდის სისტემის ადმინისტრირების მექანიზმის განსაზღვრა.
აღნიშნული დადგენილებაც ყოყმანის გარეშე მიიღეს.
ბოლოს, საკრებულოს წევრმა დავით ჭაკნელიძემ წარმოადგინა საკითხი:
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ნატანების ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე უსახელო ქუჩისთვის “ჯემალ გახოკიძის” სახელის მისანიჭებლად _ გარდაცვალების ვადის შეზღუდვიდან გამომდინარე გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის თაობაზე”.
დავით ჭაკნელიძემ განმარტა, რომ ნატანებში უსახელო ქუჩისთვის ჯემალ გახოკიძის სახელის მისანიჭებლად, გარდაცვალების ვადის შეზღუდვიდან გამომდინარე, სახელდებისთვის განსაზღვრული ოცწლიანი ვადის შემცირების მიზნით, დაშვებული იქნას გამონაკლისი.
საკრებულოს წევრებმა ჭაკნელიძის წინადადება მიიღეს.
საბოლოოდ, დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხიდან ერთი დადგენილება მიიღეს და ხუთი განკარგულება დაამტკიცეს:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2026 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე;
საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ნატანების ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე უსახელო ქუჩისთვის “ჯემალ გახოკიძის” სახელის მისანიჭებლად _ გარდაცვალების ვადის შეზღუდვიდან გამომდინარე გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის თაობაზე.
საკრებულომ დადგენილება მიიღო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ.
The post საკრებულოს მორიგ სხდომაზე, შშმ პირთა უფლებების დაცვის წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს appeared first on გურია ნიუსი.