
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, შტატგარეშე თანამშრომლებზე 684 მილიონი ლარია დახარჯული.
დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 92 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
ამასთან, ანგარიშში არ არის მითითებული, რამდენი შტატგარეშე თანამშრომელია დასაქმებული სახელმწიფო უწყებებში, შესაბამისად უცნობია, რამდენ ადამიანზე გადანაწილდა ეს თანხა.
კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე მიუთთებს და ამბობს, რომ “ოცნება” შტატგარეშე თანამშრომლებს ფულს მხოლოდ იმიტომ უხდის, რომ შემდეგ არჩევნებში და საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს.
ეს თანხები არის საკმაოდ დიდი, მაგალითად, 2024 და 2025 წელს შორის არის 82 მლნ ლარით მატება. ზოგადად, შტატგარეშე თანამშრომლის ფუნქცია არის, რომ რაღაც მოკლე დროში სამუშაო შეასრულოს და მას შეუწყდეს ხელშეკრულება, მაგრამ ამ შესაძლებლობას “ქართული ოცნება” იყენებს მისი პარტიული მიზნებისთვის და ეს ადამიანები დასაქმებული ჰყავს მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ მათ მხარი დაუჭირონ “ქართულ ოცნებას”, როგორც არჩევნებზე, ასევე, მაგალითად ტროლ-ბოტებად ამუშაონ და ზოგადად, მათთან აფილირებული ადამიანები, რომლებიც სჭირდებათ მათი პოლიტიკური მიზნებისთვის, ამ ხალხს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უხდიან ფულს. ეს არის თანხები, რომელიც ზოგადად აკლდება ბიუჯეტს და აკლდება საქართველოს მოქალაქეებს, – ამბობს ბესიკ დონაძე.
მთავრობის ხარჯვით პოლიტიკას აკრიტიკებს ეკონომისტი პაატა ბაირახტარიც, რომელიც პროცესს უარყოფითად აფასებს.
ეს არის მახინჯი პრქტიკა და ამის გამოძახილი არის ის, რომ ყოველწლიურად ადამიანებს ჯიბიდან აცლიან გადაახადების, ჯარიმებისა და სხვადასხვა სახით და ამ თანხით ფინანსდებიან ეს პარტაქტივი, რომლებიც სხვადასხვა საჯარო სამსახურში ჰყავთ გაფორმებული და არა დასაქმებული, – ამბობს პაატა ბაირახტარი.