როგორია პროდუქტის ფასები გურიაში, როცა ორიოდე დღე დარჩა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე?
ოზურგეთის საბაზრო სივრცეში, ბოლო სამი დღის მანძილზე, მოულოდნელად სუფრის მწვანე ხახვის -გურიაში სოხვის სახელწოდებით ცნობილი ბოსტნეულის უკმარისობა იყო.
_ სოხვის დეფიციტი თუ იქნებოდა, აი, მართლა არ მეგონა, ამასაც მოვესწარით. ზამთარში და ყინვაში რომ არ იყოს მწვანილეული, კიდევ არ გამიკვირდებოდა, _ ამბობდნენ ოზურგეთის ბაზრის მომხმარებლები.
_ დათესეთ და გექნებათ. მაგის თესლი მაინც არ ღირს ძვირი და ამოსვლაც არ უჭირს. უკუღმა ისროლი, წაღმა ამოვა, _ იუმორით პასუხობდნენ გურულები მწვანე ხახვის მძებნელთ.
_ დედა, ეს რა დამემართა, ყველანირი ბოსტნეული მაქვს და ეს სოხვი გამითავდა მანდამაინც. არადა, ყველა მთხოვს. დავრეკე ქუთაისში, სასწრაფოდ მომაწოდონ სოხვი, რაც ექნებათ, _ ისმოდა ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში დასაქმებული ქალბატონებისგან (თუ კაცებისგან).
დღეს, 10 აპრილს , ბაზრის დახლებზე თუ გარემოვაჭრეებთან მწვანე ხახვი ბლომად გამოჩნდა. ერთი კილოგრამის ღირებულება 13-15 ლარს შორის მერყეობს. ერთი საშუალო კონის ფასი 3-4 ლარია.
სააღდგომო ტრადიციაში ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი კვერცხი (სოფლის ) 80 თეთრი ღირს. შარშან, ბოლო დღეებში ერთი ლარიც ღირდა. ერთი კილოგრამი ყველი 15 ლარი ღირს. ძვირია ქათამი და ინდაური. სოფლის ქათამს, წონის გარეშე, ერთ ფრთას 50 ლარს აფასებენ, ინდაურს კი _ 100 ლარს.
ასევე ძვირია საქონლის ხორციც. ერთი კილოგრამი 30 ლარი ღირს.
ბოსტნეულს რაც შეეხება, ამას წინ გაძვირეულ ბადრიჯანს, რომელიც 10-12 ლარი ღირდა, ახლა ბულგარული წიწაკა ჩაენაცვლა და ერთი კილოგრამი 13 ლარი ღირს. ბადრიჯანი შედარებით გაიაფდა _ ერთი კილოგრამი 6 ლარი ღირს.
არ გაძვირებულა სიმინდის ფქვილი. ის, ბოლო სამი წელია ერთი კილოგრამი სამი ლარი ან 3,50 ლარი ღირს.
The post სააღდგომო ფასები და „სოხვის დეფიციტი“ ოზურგეთში appeared first on გურია ნიუსი.