სასამართლომ ქუთაისის 36-ე სკოლიდან ნატალია თურქაძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და მისი აღდგენა მოითხოვა.
სამართალმა პური ჭამა!
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება: ნატალია დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს სამსახურში, მას სრულად უნდა აუნაზღაურდეს განაცდური პერიოდი.
ზუსტად მახსოვს ის დღე, როდესაც მხარდაჭერის თხოვნით მოგმართეთ. მაშინ დავდე ეს ფოტო და ვთქვი, რომ ის ჩემთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცეოდა. დღეს, როცა ეს გზა გავიარეთ და ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თავისი სიტყვა თქვა, ვრწმუნდები, რომ ეს ფოტო და ის დოკუმენტი, რომელსაც ასე ბევრმა მოაწერეთ ხელი, ჩვენი პროფესიული და ადამიანური ღირსების მუდმივ სიმბოლოდ დარჩება.
ის კითხვარი ჩემთვის უბრალოდ მონაცემთა ბაზა კი არა, ჩვენი კოლეგიალობისა და მეგობრობის უმთავრესი დასტურია. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც არ დატოვა ეს სია თავისი სახელის გარეშე, ეს არის დოკუმენტი, რომელიც მომავალში მუდამ შეგვახსენებს, თუ როგორ ვიდექით ერთად!
მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველას: მათ, ვინც თავიდანვე გვერდით დაგვიდგა, მათ, ვინც გზადაგზა შემოგვიერთდა და მათაც კი, ვინც გვერდით არ დაგვიდგა, ყველამ თქვენმა საქციელმა რაღაც მასწავლა.
მადლობა ყველას, ყველას, ყველას, ვისაც ვწერდი, ვაწუხებდი და ვისგანაც თანადგომას ვითხოვდი. სწორედ ამ ერთობამ მოგვიტანა ეს შედეგი.
ჩვენ გავიმარჯვეთ!
ჩემი ტელეფონი არ ჩერდება. მწერენ, მირეკავენ, ქუჩაში მხვდებიან და მილოცავენ. საოცარია, ბავშვებიც კი მოდიან და მეკითხებიან: „მასწავლებელო, ბედნიერი ხართ, თქვენმა მეგობარმა რომ გაიმარჯვაო?“ ისინი ვერც კი აცნობიერებენ ფაქტის მთელ მასშტაბს, მაგრამ გრძნობენ მთავარს, იციან, რომ ნატალია ჩემი მეგობარია…
ამ რთულმა სიტუაციამ დაგვანახა, რომ ჩვენი მეგობრობა მხოლოდ ჩვენ ორს არ გვეკუთვნოდა…ის სრულიად პედაგოგიური საზოგადოების მიერ ყოფილა დანახული და აღიარებული. თქვენ არამარტო ნატალიას ტკივილს ხედავდით, არამედ ჩემს განცდებსაც გრძნობდით, მწერდით მამხნევებდით…ასეა, ნამდვილობასა და ერთგულებას ადამიანის გული ყოველთვის უშეცდომოდ ცნობს…ზუსტად მახსოვს ის დღე, როდესაც მხარდაჭერის თხოვნით მოგმართეთ, ეს იყო თქვენი ერთხმად გამოხატული ნება, რომ არ დაგვტოვებდით მარტო….
ნატალია, ჩემო ძვირფასო მეგობარო, მადლობა, რომ გაუძელი, რომ იბრძოლე, შენ ხარ ღირსების სიმბოლო, გილოცავ! მიხარია, რომ შენი სიმართლე დაამტკიცე და ახლა დროა, ღირსეულად დაუბრუნდე შენს საქმეს!
წერენ მასწავლებლის გულშემატკივრების სოციალურ ქსელში.
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატალია თურქაძე სამსახურიდან რამდენიმე კვირის წინ გაათავისუფლეს.