2026 წლის მაისში მომხმარებელთა მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ 46 საჩივარი დაფიქსირდა, რაც წლიურად 9.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შარშან მაისში მისო-ების მიმართ 42 საპრეტენზიო განაცხადი დაიწერა. ინფორმაციას “ბიზნესპრესნიუსი” ეროვნული ბანკის სტატისტიკაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის მაისში პრეტენზიები მხოლოდ სალომბარდე სესხებზე (38 განაცხადი), ავტოსესხსა (6 განაცხადი) სხვა ტიპის დარღვევებზე ( 2 განაცხადი) დაფიქსირდა.
ამასთან, პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, 2026 წლის მაისში შესული საჩივრებიდან 25 ჯარიმებსა და ვადაგადაცილებულ საკომისიოებზე მოდის, შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება – 16 განაცხადით, ეთიკის კოდექსთან დაკავშირებული საკითხები – 2 განაცხადი, საპროცენტო შენატანები – 1 განაცხადი და სხვა გადასახდელები ასევე 1 განაცხადი.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წელს მაისში 46 საჩივრიდან 33 უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, 7 საფუძვლიანად და გადაწყდა მომხმარებლის სასარგებლოდ, ხოლო 6 საჩივართან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება, თავდაპირველად მხოლოდ ბანკების, შემდეგ კი მიკროსაფინანსო სექტორიც დაემატა.
The post მიკროსაფინანსოებს მომხმარებლები ყველაზე ხშირად სალომბარდე სესხებზე უჩივიან – როგორია სტატისტიკა appeared first on გურია ნიუსი.