ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრში დაარსებული ქართველოლოგიის პროგრამა საქართველოს განათლების სამინისტრომ აღარ დააფინანსა.
ინფორმაცია, რომ ქართველოლოგიის პროგრამა, – რომელსაც ქართველოლოგი, პროფესორი სტივენ ჯონსი ხელმძღვანელობდა, – „ფაქტობრივად, დაიხურა“, 20 აგვისტოს გაავრცელა ისტორიკოსმა ბექა კობახიძემ.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 21 აგვისტოს განაცხადა, რომ „პროგრამის ახალი ეტაპის დამტკიცების საფუძველი არ არსებობდა“.
დეივისის ცენტრის საიტზე ქართველოლოგიის პროგრამის შესახებ ინფორმაცია უკვე წარსულ დროშია ასახული და წერია, რომ „პროგრამის მიზანი იყო საქართველოს გარეთ ქართველოლოგიის წამყვანი ცენტრი გამხდარიყო“ და „მისი შექმნა იყო დიდი მიღწევა“.
ასევე, 2026 წლის ზაფხულში გამოცხადებული იყო რეგისტრაცია ქართულის ენის შემსწავლელ დაწყებით კურსზე, რომელზე რეგისტრაციის ბოლო თარიღიც 24 აგვისტო იყო, თუმცა 21 აგვისტოსთვის მისი სტატუსი განსაზღვრულია, როგორც „გაუქმებული“.
„პოლიტიკური მოტივი“
ისტორიკოსი ბექა კობახიძე წერს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2026 წელს აცნობა ჰარვარდის უნივერსიტეტს, რომ დაფინანსებას წყვეტდნენ:
„მიზეზად მათ შორის ეწერა ის, რომ პროგრამის დირექტორი [სტივენ ჯონსი] ტენდენციური კაციაო, ესე იგი, ჩვენი პროპაგანდისტი არ არისო“, – დაწერა კობახიძემ.
პროფესორმა სტივენ ჯონსმა 2024 წელს მწვავედ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ მიღებული „აგენტების კანონი“ და განაცხადა, რომ კანონის მიღება დაასრულებდა საქართველოს ყველანაირ პროგრესს ევროკავშირისკენ გზაზე. მან ამ საკითხზე ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლებას.
2025 წელს მან, სხვა საერთაშორისო მკვლევრებთან ერთად, ხელი მოაწერა მოწოდებას „ქართული ოცნების“ მთავრობისადმი, გადაეხედათ დაანონსებული განათლების რეფორმა, – რეფორმა, რომელიც, ხელმომწერთა აზრით, „გააბათილებს საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს.
მლნ-იანი დაფინანსებით დაფუძნდა.
„როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ არასწორად ეგონა, რომ ჰარვარდში პროპაგანდის ინსტრუმენტს ქმნიდა“, – წერს ისტორიკოსი.
„ფაქტობრივად, დაიხურა“
იგი ასეთი მცდელობის მაგალითად ასახელებს 2023 წელს საქართველოში „აგენტების კანონის“ პირველ ჯერზე მიღებისას იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის სურვილს, ჰარვარდში ჩასულიყო და ლექცია წაეკითხა.
„ცივი უარი მიიღო. ამის შემდეგ იყო სტივენ ჯონსს რომ უთხრა მაშინდელმა განათლების მინისტრმა ჩემზე, მაგას რა უნდა ჰარვარდშიო, საერთოდ დაანებე ილიაუნისთან თანამშრომლობას თავიო და ა.შ.“ – წერს ისტორიკოსი კობახიძე.
მისი განცხადებით, პროგრამის ხელმძღვანელმა სტივენ ჯონსმა სცადა ქართული ბიზნესი დაეინტერესებინა პროგრამის დაფინანსებით, თუმცა უშედეგოდ.
„პროგრამა, ფაქტობრივად, დაიხურა. დახურვის მხოლოდ ბიუროკრატიული ნაწილიღა დარჩა გასაფორმებელი. თუ ვინმეს ეს პოსტი კეთილშობილური ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგებს, შეიძლება პროგრამის გადარჩენას სულზე მიუსწროთ“, – წერს იგი 20 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტში.
ნათია ჭანკვეტაძე, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტში საქართველოს შემსწავლელ პროგრამას ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ „საქართველოს შესწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში, მინიმუმ ერთი წელი, პროგრამის დახურვის პირობებშიც გრძელდება“.
„და მეტიც, ახალი პროექტიც იგეგმება. ახალ ინსტიტუციურ სახლთან ერთად, ისევ ჰარვარდში“, – წერს ჭანკვეტაძე.