სიახლე

ასპირინის ფასიც განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ“ _ რატომ ბრაზობენ გურულები

GuriaNews

მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები პროდუქციის ფასებზე მუდმივად საუბრობენ და ეს ბუნებრივიცაა. დიდი ხანია, ადამიანებისთვის თვითგადარჩენის, გნებავთ, თვითგამოკვების პრობლემა ყოველდღიურ მთავარ საზრუნავად იქცა, რის გამოც სხვა ყოფით საჭიროებებზე _ მკურნალობაზე, დასვენებასა და სხვა საკითხებზე _ ნაკლებად ფიქრობენ და საუბრობენ. ოზურგეთში, დღის განმავლობაში, რამდენ მომხმარებელსაც უნდა შეხვდეთ სასურსათო ობიექტებში, თითქმის ყველგან ერთსა და იმავე კითხვებს გაიგონებთ […] The post ასპირინის ფასიც განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ“ _ რატომ ბრაზობენ გურულები appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები პროდუქციის ფასებზე მუდმივად საუბრობენ და ეს ბუნებრივიცაა. დიდი ხანია, ადამიანებისთვის თვითგადარჩენის, გნებავთ, თვითგამოკვების პრობლემა ყოველდღიურ მთავარ საზრუნავად იქცა, რის გამოც სხვა ყოფით საჭიროებებზე _ მკურნალობაზე, დასვენებასა და სხვა საკითხებზე _ ნაკლებად ფიქრობენ და საუბრობენ.

ოზურგეთში, დღის განმავლობაში, რამდენ მომხმარებელსაც უნდა შეხვდეთ სასურსათო ობიექტებში, თითქმის ყველგან ერთსა და იმავე კითხვებს გაიგონებთ _ ზეთის ფასი რატომ გაიზარდა? ყველი რატომ არის ასე ძვირი? ფასი თუ ემატება, რატომ აღარ იკლებს?

ერთჯერადი სასურსათო აქციები კი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე დიდ გავლენას ვერ ახდენს.

როგორც წესი, წელიწადში ერთხელ მაინც, ან საჭიროების შემთხვევაში, ვატარებთ გამოკითხვას და ვეცნობით კვების პროდუქტების ფასების ცვლილებასა და, ზოგადად, ბაზარზე არსებულ მდგომარეობას.

გურიაში, კონკრეტულად კი ოზურგეთში, როგორ სასაცილოდაც უნდა მოგეჩვენოთ, ახლა ფასის მკვეთრი ზრდის სამიზნე მედიკამენტი _ ასპირინი გახდა.

ჩვენს მკითხველებს შევახსენებთ, რომ ასპირინის ფასის ხუთმაგად გაზრდის შესახებ ბოლოს პანდემიის დროს ვწერდით. მაშინაც, ისევე როგორც ახლა, ოზურგეთის ბაზარში მემწვანილის დახლზე ასპირინის დიდი მარაგი დაგვხვდა, მაშინ როცა აფთიაქებში მისი შოვნა ჭირდა.

ჩვენი შემოვლის შემდეგ ასპირინი მხოლოდ ერთ აფთიაქში ვნახეთ _ ერთი ფირფიტა 90 თეთრი ღირდა. ბაზარში კი, მწვანილისა და სხვა წვრილმანი პროდუქტის გამყიდველთან, ათტაბლეტიანი ერთი ფირფიტა ასპირინის ფასი ერთი ლარია.

მკითხველს ასევე შევახსენებთ, რომ პანდემიის დროს გავრცელდა ხმები, თითქოს ასპირინის მიღება ანთებისგან იცავდა. შემდეგ წლებში კი, როგორც წესი, ზაფხულსა და შემოდგომაზე მისი ფასი ოდნავ იმატებდა. თუ ადრე ერთ ლარად სამ ან ოთხ ფირფიტას იყიდდით, მოგვიანებით იგივე ფასად ორი ფირფიტის შეძენა მაინც შეიძლებოდა.

ცნობილია ისიც, რომ ზამთრისთვის დაკონსერვებული პროდუქტების შესანახად, მიუხედავად არსებული გაფრთხილებებისა, მოსახლეობის ნაწილი სხვადასხვა მჟავეულისა თუ სხვა საკვების მომზადებისას ასპირინს იყენებს.

ახლა, როცა საკვები პროდუქტების ფასები ისედაც პრობლემაა, ასპირინის გაძვირება და აფთიაქებში მისი დეფიციტი კითხვებს აჩენს _ თუ პრეპარატი დეფიციტურია, როგორ აღმოჩნდა ის დიდი რაოდენობით ბაზარში, მემწვანილის დახლზე?

ჩვენი დიალოგი ერთ-ერთ გამყიდველთან:

_ ასპირინი თქვენ სად იშოვეთ, როცა აფთიაქში არ არის?

_ რაში გაინტერესებს, სად ვიშოვე. თუ გინდა, იყიდე. ერთი „ლისტი“ ერთი ლარი ღირს.

_ ასე რატომ გაძვირდა და კიდევ ერთხელ გთხოვთ, მიპასუხეთ, საიდან გაქვთ ამდენი, როცა აფთიაქებში არსად არის?

_ ვერ გაიგე, რომ უკრაინაში ომია? იქიდან მოაქვთ და გაძვირდა. ვერ შემოაქვთ…

_ თქვენ ახერხებთ უკრაინასთან დაკავშირებას ასპირინისთვის და აფთიაქები ვეღარ?

_ რას გადამეკიდე? რაღაც წვრილმანებს ვყიდი… პენსიის ფული წამალში არ მყოფნის, _ ქალბატონს ტირილი მოერია.

იქაურობას გავეცალეთ და პასუხის ძებნა სხვაგან ვცადეთ.

_ ასპირინს ხალხი ზამთრისთვის საკვების დასაკონსერვებლად ვიყენებთ. ერთმა აფთიაქში ისიც მითხრა, მაგდენი საჭმელი თუ გაქვს და ზამთრისთვის ინახავ, ერთი ლარიანი ასპირინის ყიდვა გაგიჭირდაო. ეს აგდებული პასუხი ხომ არის? ვისაც ფული თავსაყრელად აქვს, ის არც იმარაგებს ზამთრისთვის კონსერვებს და გადაიხდის ათ და თხუთმეტ ლარს ნახევარკილოგრამიან კიტრის პიკულში, მაგრამ ჩვენ, ხალხმა, რა ვქნათ?

მთავარი ამბავი ამაში უკრაინის ომი და იქ სადღაც ქარხნის აფეთქება კი არ არის. ეს არის მცდელობა, როდის და რა დროს შეიძლება გაატყაონ ხალხი. ყნოსვა აქვთ, ყნოსვა, თან სასწაული _ რანაირად გაფცქვნან მოსახლეობა!

ახლა იმის აგიტაცია თუ რჩევა მიდის, ლიმონმჟავა გამოიყენეთ კონსერვებში ასპირინის მაგივრადო და ვინ იცის, იქნებ მალე ლიმონმჟავას ფხვნილიც გააქრონ!

თხილი კი გაგვიფარჩაკეს გურიაში. მოცვი ერთი თვე ვერ ინახავს თავს და სანამ მაცივრები აშენდება, საუკუნე გავა. ყანებს ხალხი ვერ თესავს და, შესაბამისად, ყოველდღე ძვირდება რძე, რძის ნაწარმი, კვერცხი, ფრინველისა და საქონლის ხორცი…

აი, ფასების კომისია რომ შექმნეს და ბოლოს ხალხი დაგვადანაშაულეს, მოიწვიონ თავიდან ეს კომისია და ასპირინის ფასიც განიხილონ! ნუ გაგეცინებათ! ნურც წვრილმან ფაქტად ჩათვლით! საქმეში ჩაეთვლებათ და ხალხიც ადვილად დაინახავს, სად არის ძაღლის თავი დამარხული! _ გვეუბნებიან ოზურგეთელი მომხმარებლები: ნუნუ პატარაია, ნუნუ დოლიძე, ლილი დოლიძე, მარინა მეხუზლა, ვაჟა ლომჯარია, მზია ვაშაყმაძე და სხვები, რომლებსაც დილაადრიან, სამომხმარებლო პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების საყიდლად გამოსულებს, ოზურგეთის სხვადასხვა სავაჭრო სივრცეში შევხვდით.

ეს რიგითი მომხმარებლები ერთგვარი ბარომეტრია არსებული მდგომარეობის შესაფასებლად. ბუნებრივია, ჩნდება კითხვაც _ რატომ არის ასპირინი აფთიაქებში თითქმის მიუწვდომელი, მაშინ როცა ბაზარში, მემწვანილის დახლზე, მისი მარაგი ჩანს?

რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით პროდუქციის ფასების საკითხზე მუშაობა გააქტიურდა და შეიქმნა ფასების კომისიაც. თუმცა, საბოლოოდ სურათი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა _ სასურსათო პროდუქციის ნაწილი კვლავ ძვირდება, ნაწილი კი დაახლოებით იმავე ნიშნულზე რჩება.

ოზურგეთში ამ დროისთვის განსაკუთრებით ძვირია ყველი. ერთი კილოგრამის ფასი 15-17 ლარის ფარგლებში მერყეობს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ დამსვენებლების რეგიონიდან წასვლის შემდეგ ფასი შეიძლება შემცირდეს.

ასევე ძვირია ცოცხალი ფრინველი _ ერთი ქათამი საშუალოდ 35-40 ლარი ღირს. მაღალია გოჭის ფასიც _ ცოცხალი წონის ერთი კილოგრამი დაახლოებით 25 ლარია.

წლევანდელი გაძვირება განსაკუთრებით აგრარულ პროდუქტებზე, მათ შორის პომიდორზე აისახა. ერთი კილოგრამი კარგი ხარისხის პომიდვრის ფასი 3-3,50 ლარზე დაბლა თითქმის არ ჩამოსულა. შედარებით დაბალი ხარისხის, ე.წ. „კერძის პომიდორი“ კი საშუალოდ 1,50 ლარი ღირს.

The post ასპირინის ფასიც განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ“ _ რატომ ბრაზობენ გურულები appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი