სააგენტო "პარალელი"
“თუ ეს მუქარა შესრულდა, სრულიად სხვა ეტაპზე გადავა ომი ახლო აღმოსავლეთში” – ზურაბ ბატიაშვილი
ზურაბ ბატიაშვილი კონკრეტულ ანალიტიკურ განმარტებებს და მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ახლო აღმოსავლეთში, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ირანისადმი წაყენებული ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ:
“თუ ეს მუქარა შესრულდა, სრულიად სხვა ეტაპზე გადავა ომი ახლო აღმოსავლეთში;
სხვა ეტაპზე გადავა სიტუაცია თავად ირანშიც – თუ ქვეყანაში აღარ იქნება ელექტროენერგია, ვეღარ იმუშავებს ქარხნები, ფაბრიკები, გაჩერდება წყლის მიწოდების სისტემები (წყალი კი უდიდესი პრობლემაა ირანში) და ა.შ. თუ წყალი არ იქნება, ვეღარ მოიყვანენ მოსავალსაც;
ასეთ შემთხვევაში, ვეღარ იმუშავებს ვერც ნავთობისა და გაზის გადამამუშავებელი ქარხნები, რაზეც დგას ირანის ეკონომიკა;
ამ სცენარის შემთხვევაში შეიძლება საერთოდ გაჩერდეს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკა და დადგეს ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც უპირველეს ყოვლისა, დაბალ და საშუალო ფენებს შეეხება;
რა შეიძლება ამ ყველაფერს მოყვეს? ყველაფერი, დაწყებული პოლიტიკური პრობლემებით (პროტესტი და არეულობები), ისე ლტოლვილთა ნაკადების დაძვრის შანსით (თუ ხალხს მოშივდა). გააჩნია კრიზისის მასშტაბებსა და დაზარალებულთა რაოდენობას. ირანის მოსახლეობა კი 90 მილიონია, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ საშუალო და დაბალი ფენაა;
ბევრი დრო აღარ რჩება. მძიმე და გადამწყვეტი მომენტი დგება ამ ომში“, – წერს ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის – აშშ პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელში, ირანისადმი ულტიმატუმი გამოაქვეყნა ჰორმუზის სრუტის გახსნის მოთხოვნით:
“სამშაბათი ირანში ელექტროსადგურებისა და ხიდების დღე იქნება, ორივე ერთად… გახსენით ეს დაწყევლილი სრუტე, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ…, უბრალოდ ნახეთ. დიდება ალაჰს“, – წერს დონალდ ტრამპი.
“თუ ეს მუქარა შესრულდა, სრულიად სხვა ეტაპზე გადავა ომი ახლო აღმოსავლეთში” – ზურაბ ბატიაშვილი
პარალელი