
ჟურნალისტი თამო კეშელავა:
როცა დოჩანაშვილმა თქვა, შვლის ნუკრის ნაამბობის კითხვისას, შვლის მწვადი არ უნდა გაგახსენდესო, კანი ამეწვა, მაგრამ თან გავიფიქრე, რომ აბუქებს, ვერ იპოვნის კაცს, ვისაც შვლის ნუკრის ნაამბობის კითხვისას, შვლის მწვადი გაახსენდება. ვიფიქრე, რომ დროს გაუსწრო მისმა გაფრთხილებამ.
არადა, აღმოჩნდა, რომ თურმე, შოთა რუსთაველის პოემაში რომ სიშლეგე, უგემოვნება, ეროტიკა, სიშიშვლეზე აქცენტი და მტლაშა–მტლუში იპოვნოს, ეგეთი კაცებიც კი არსებობენ.
არა, ეს არ იყო ხელოვნება, ახლოსაც არ იყო ხელოვნებასაც.
ცხადია, იმ ეპოქას ვერ გააცოცხლებდა, არც იყო ამის საჭიროება, პოემის ემოცია უნდა მოეტანა. ვერ მოიტანა, მცდელობაც კი არ იყო ამის.
ის რომ მოიტანო, რაც იქაა, უნდა იგრძნო ჯერ, გააზრებული უნდა გქონდეს შენი ფესვი რომ ლეკვის ლომი სწორიაზე დგას და არა “ქალო, შედი “კუხნაში”, რომ სიმართლის დასაცავად, სრულიად უცხო ადამიანის დასახმარებლად მიდიხარ და იბრძვი, არათუ საკუთარი მიწისა და ოჯახისთვის…
ვინ ხარ, რა ხარ, რა არის შენი ტრადიცია, ამ პოემიდან განსაკუთრებულად ჩანს, რატომ ხარ ევროპელი – გიღეჭავს ეს პოემა.
თანამედროვე ცხოვრების მანკიერების საჩვენებლად რომ სიშიშვლის ელემენტებს იყენებენ რეჟისორები, იმათ კოცონზე წვავენ ლამის და აქ, ეს რა ჯანდაბა იყო საერთოდ? ან რა გაურკვეველი ბგერები იყო, ან რას მიგვანიშნებდნენ, ან სად იყო ემოცია და რატომ იყო ტიტანიკიდან ის კადრი, მანქანის დაბინდულ მინაზე ხელის ჩამოსმის, ან რა საჭირო იყო თავსაფრის თავზე გაკვრა, თუ ტანსაცმელი არ ეცვა? დავიჯერო, კომბოსტოს ფურცელი იყო იმ თავსაფარში გახვეული?
როგორ შეიძლება ამდენი საუკუნის პოემა დადგა და არ დატოვო წამიც კი ფანტაზიისთვის და ბგერაც კი ემოციისთვის?
მეორე მხრივ, დორიენ გრეის პორტრეტი მახსენდება.
განა შეიძლება მანკიერად იცხოვრო, მანკიერად იმეტყველო, ღვარძლი გქონდეს ყველაფერი ფერადისა და ლამაზის, ყველაფერი თავისუფალის მიმართა და თან ამ დიადი, თავისუფალი, ლაღი პოემის სწორად დადგმა შესძლო?
მსახიობებზე არაფერს ვიტყვი, როცა არჩევანს აკეთებს სტურუასა და სიმართლეს შორის, სტურუასა და თავისუფლებას შორის, სტურუასა და ხელოვნებას შორის და გადაწონის სტურუა – მერე ეს ყველაფერი კანონზომიერია, სამწუხაროდ.