სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში.
დღეს ჩვენ გთავაზობთ აუდიტის სამსახურის ანგარიშის იმ ნაწილს, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხება და დანართს, რომელშიც ჩამოთვლილია ხარვეზებით შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები.
სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, “2022-2024 წლებში მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა 176 ხელშეკრულებით, ღირებულებით _ 67,068.9 ათასი ლარი.
მუნიციპალიტეტში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებასა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებდა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოს მიმღები ჯგუფი.
ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო სამუშაოების მიღება-ჩაბარება საექსპერტო ან/და ტექნიკური ზედამხედველის14 მიერ გაცემული დასკვნების საფუძველზე, რითაც დასტურდებოდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ხარისხი და შესრულების ვადები.
წარმოდგენილი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა ობიექტები ჩაიბარა დადებითი საექსპერტო დასკვნების საფუძველზე.
აუდიტის ჯგუფმა შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად.
15 დათვალიერების შედეგად ხარვეზები გამოვლინდა 8 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ პროექტებზე, რომელთა ღირებულება 8,162.6 ათასი ლარია.
კერძოდ, დაზიანებულია კულტურისა და დასვენების პარკები, საჩოგბურთო კორტი, საფეხბურთო მოედანი, საავტომობილო გზა და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები.
აღსანიშნავია, რომ დათვალიერების მომენტისათვის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გააჩნდა მოქმედი საგარანტიო ვადა, რომლის ფარგლებში უნდა გამოსწორებულიყო არსებული ნაკლოვანებები, თუმცა, ობიექტებზე არსებული დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით მერიას არ ჰქონდა მიმართული მიმწოდებლებისათვის.
მუნიციპალიტეტმა ვერ დანერგა კონტროლის შესაფერისი პროცედურები და პროცესები ვერ წარმართა იმგვარად, რომ მიეღო სათანადო ხარისხის ინფრასტრუქტურული პროექტები.
შედეგად, მერიამ ჩაიბარა 8,162.6 ათასი ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც ექსპლოატაციაში მიღებიდან მოკლე დროში დაზიანდა და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას.
მუნიციპალიტეტმა არ დაადგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები და არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები”, _ ასკვნის სახელმწიფო აუდიტის სამსახური.


The post “ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხარვეზები გამოვლინდა პროექტებზე, რომელთა ღირებულება რვა მილიონზე მეტი ლარია“ appeared first on გურია ნიუსი.