სააგენტო "პარალელი"
“სამართლიანი და ქრისტიანული არაა პატიმრობაში მყოფ მშობელთან ურთიერთობა აუკრძალო ბავშვს” – თეონა ჭალიძე სუს-ს და მამუკა მდინარაძეს მიმართავს
წინასწარ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსებისთვის ოჯახთან, არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაციის შეზღუდვას ემოციური შეფასებებით ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე და კონკრეტული განმარტებებით და შეთავაზებებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს მიმართავს:
“მივმართავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მამუკა მდინარაძეს, მათ შორის, როგორც არასრულწლოვანი შვილების მამას, საქართველოში არცერთი ადამიანი არ მეგულება, რომელიც პატიმარი მშობლების არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის აკრძალვას ემხრობოდეს.
მოქმედი აკრძალვა რის გამოც თვეებია შვილების ნახვა და მათთან სატელეფონო საუბარიც კი შეზღუდული აქვთ წინასწარ პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს არის არაჰუმანური გადაწყვეტილება და არ ემსახურება ბავშვების საუკეთესო ინტერესს.
განსაკუთრებით ამ მნიშვნელოვან დღეებში მოგიწოდებთ ტექნიკურად უზრუნველყოთ პოლიტპატიმრების კომუნიკაცია მათ არასრულწლოვან შვილებთან, რამეთუ ეს არის მხოლოდ პოლიტიკურ ნებასა და გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული.
აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნულ აკრძალვას პრობლემურად მიიჩნევს სახალხო დამცველიც და სწორედ ამიტომ მიმდინარე წლის 11 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფის თაობაზე საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს.
ვიმედოვნებ უახლოეს დღეებში მოხერხდება და პატიმრობაში მყოფ ყველა პოლიტიკოსს მიეცემა შვილებთან შეხვედრის შესაძლებლობა არსებულ ვითარებაში თუნდაც გამონაკლისის სახით“, – აცხადებს თეონა ჭალიძე.
“სამართლიანი და ქრისტიანული არაა პატიმრობაში მყოფ მშობელთან ურთიერთობა აუკრძალო ბავშვს” – თეონა ჭალიძე სუს-ს და მამუკა მდინარაძეს მიმართავს
პარალელი