სააგენტო "პარალელი"
“მინდა ვცდებოდე, მაგრამ მგონია, რომ ახლო აღმოსავლეთის მთავარი პრობლემები მოლაპარაკებების გზით ვერ მოგვარდება (მით უმეტეს 2 კვირაში)” – ზურაბ ბატიაშვილი
პაკისტანის შუამავლობით, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის 2-კვირიანი პერიოდის განსაზღვრას ანალიტიკური შეფასებებით ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ზურაბ ბატიაშვილი:
“რა თქმა უნდა, ყველას მშვიდობა გვინდა ახლო აღმოსავლეთშიც და მთელ მსოფლიოშიც, მაგრამ ბოლო გადაწყვეტილება 2 კვირიანი პაუზის აღებაზე აჩენს ბევრ ეჭვს, რომ ეს შესაძლებელი იქნება გრძელვადიანად და აი რატომ:
– ეს არის ცეცხლის შეწყვეტა 2 კვირის ვადით და არა ომის დასრულება;
– გრძელვადიანი მშვიდობისთვის საჭიროა მხარეთა მოთხოვნების დაახლოება. ეს კი არ არის. პირიქით, მხარეები იმდენად ურთიერთგამომრიცხველ პირობებს აყენებენ, რომ მათზე შეთანხმება შეუძლებელი ჩანს;
– შეთანხმება რომ შესაძლებელი ყოფილიყო, მათზე აქამდე შეთანხმდებოდნენ და ეს ომიც არ დაიწყებოდა;
– ძნელად წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მხარეები 2 კვირაში შეთანხმდნენ იმაზე, რაზეც ათწლეულებია ვერ თანხმდებიან;
– ტრამპის ადმინისტრაცია დროშიც “იჭედება”. მოახლოებული შუალედური არჩევნების ფონზე მას სჭირდება ხელშესახები გამარჯვება, რათა რეპუბლიკელებმა უმრავლესობის შენარჩუნება შეძლონ კონგრესში. ვადების გადაწევა კი ამ საქმეს არ ადგება;
– ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ ეხება დიდი ომის მეორე ნაწილს – ლიბანის ფრონტს, სადაც ისრაელი აგრძელებს ირანის მოკავშირე “ჰესბოლას” წარმატებით დადუღებას.
მინდა ვცდებოდე, მაგრამ მგონია, რომ ახლო აღმოსავლეთის მთავარი პრობლემები მოლაპარაკებების გზით ვერ მოგვარდება (მით უმეტეს 2 კვირაში)“, – წერს ზურაბ ბატიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
“მინდა ვცდებოდე, მაგრამ მგონია, რომ ახლო აღმოსავლეთის მთავარი პრობლემები მოლაპარაკებების გზით ვერ მოგვარდება (მით უმეტეს 2 კვირაში)” – ზურაბ ბატიაშვილი
პარალელი