თუ გვინდა, რომ ჩვენში ქრისტე შემოვიდეს, ამისთვის თავმდაბლები უნდა ვიყოთ,- ამის შესახებ დეკანოზმა, დავით თავაძემ “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სწორედ ეს მიუთითა იესო ქრისტემ, როდესაც თავის მოციქულებს ფეხი დაბანა.
„განსაკუთრებული მნიშვნელობის არის დღევანდელი დღე თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. დღევანდელ დღეს ჩვენმა მაცხოვარმა, იესო ქრისტემ დააწესა ზიარების საიდუმლო. ადამიანის სულის ხსნისათვის რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საიდუმლოს დაწესებას. შეიძლება ითქვას, დღევანდელ დღეს არის ახალი აღთქმის დაბადების დღე იმიტომ, რომ ამ საიდუმლოს გარეშე, ეკლესია წარმოუდგენელია. გარდა ამისა, როდესაც მაცხოვარმა საიდუმლო სერობისას შეკრიბა თავისი მოწაფეები, გატეხა პური და უთხრა მათ: „მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთვის გატეხილი, მისატევებლად ცოდვათა”. გარდა ამისა, მან აკურთხა პური, შემდეგ ღვინო და თქვა: „ეს არის ჩემი სისხლი, თქვენგან დანთხეული, მისატევებლად ცოდვათა”. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ზიარების საიდუმლოს სანამ დააწესებდა მაცხოვარი, იქამდე მოციქულებს ფეხი დაბანა. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ადამიანს ქრისტეს მიღება უნდა, როცა ჩვენ ჩვენი მაცხოვრის სისხლსა და ხორცს ვიღებთ, ამით ჩვენში შემოდის მაცხოვარი. თუ გვინდა, რომ ჩვენში ქრისტე შემოვიდეს, ამისთვის თავმდაბლები უნდა ვიყოთ. ეს მიუთითა სწორედ იესო ქრისტემ იმ მოვლენით, როდესაც მან ფეხი დაბანა თავის მოწაფეებს. ამით გვასწავლა, რომ თუ გვინდა ქრისტე მიიღოთ, მაშინ უნდა დავიმდაბლოთ საკუთარი თავი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ მაცხოვარმა არა მხოლოდ გვიქადა თავმდაბლობა და სიყვარული, არამედ საქმით აღასრულა ეს ყველაფერი. გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ მან იუდასაც დაბანა ფეხი. ამით მან ხაზი გაუსვა იმ უკიდეგანო თავმდაბლობასა და სიყვარულს, რომელიც ჩვენ გვმართებს არა მხოლოდ მოყვასის, არამედ საკუთარი პირადი მტრის მიმართაც”,– განაცხადა დეკანოზმა დავით თავაძემ.
მისი თქმით, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, სამების ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი არ შესრულდება.
„პატრიარქის არყოფნის გამო, ეს ყველასთვის გასაგებია. რაც შეეხება საღამოს მსახურებას, 18:00 საათზე წაიკითხება 12 ვნების სახარება. ეს არის 12 ნაწყვეტი სახარებიდან, როდესაც საუბარია მაცხოვრის ამქვეყნად ყოფნის უკანასკნელი საათების, ჯვარცმის და იმ მოვლენების შესახებ, რომელიც მის ჯვარცმას მიემართება”,-განაცხადა დეკანოზმა.
დღეს დიდ ხუთშაბათია. ამ დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წმინდა ბასილი დიდის წირვას აღავლენს, შემდეგ კი მრევლს ქადაგებით მიმართავს. 18:00 საათზე სამების ტაძარში თორმეტი ვნების სახარებას წაიკითხავენ. საპატრიარქოს ცნობით, 10 აპრილს, დიდ პარასკევს, 09:00 საათზე ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო შეასრულებს დიდ ჟამიანობას, 14:00 საათზე კი, მწუხრის ჟამს და გარდამოხსნის გამოსვენებას. საპატრიარქოს ინფორმაციით, 11 აპრილს, დიდ შაბათს, 23:00 საათზე თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება.
The post დეკანოზი დავით თავაძე: თუ გვინდა, რომ ჩვენში ქრისტე შემოვიდეს, ამისთვის თავმდაბლები უნდა ვიყოთ appeared first on გურია ნიუსი.