სიახლე

„სტატისტიკის წარმოების არსებული ფორმა და სწავლის მიტოვების საფუძვლები კვლავ დასაზუსტებელია“

GuriaNews

„უნდა აღინიშნოს, რომ სწავლის მიტოვების მაჩვენებელი 2025 წელსაც შემცირდა, თუმცა შემთხვევათა რაოდენობა კვლავ მაღალია და მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ უკავშირდება ბავშვიანი ოჯახების საზღვარგარეთ გამგზავრებას – აღნიშნულია სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშში. სხვა ქვეყანაში ემიგრაციის გამო, 2020-2025 წლებში 22 737-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა – ინფორმაციას რადიო თავისუფლება სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს. მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 2025 […] The post „სტატისტიკის წარმოების არსებული ფორმა და სწავლის მიტოვების საფუძვლები კვლავ დასაზუსტებელია“ appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

„უნდა აღინიშნოს, რომ სწავლის მიტოვების მაჩვენებელი 2025 წელსაც შემცირდა, თუმცა შემთხვევათა რაოდენობა კვლავ მაღალია და მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ უკავშირდება ბავშვიანი ოჯახების საზღვარგარეთ გამგზავრებას – აღნიშნულია სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშში.

სხვა ქვეყანაში ემიგრაციის გამო, 2020-2025 წლებში 22 737-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა – ინფორმაციას რადიო თავისუფლება სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 2025 წელს სკოლაში სწავლა 3 669 მოსწავლემ შეწყვიტა და საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად წავიდა. გარდა ამისა, სწავლის შეწყვეტის ძირითადი მიზეზებია, მუშაობის დაწყება, ადრეული ქორწინება და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელება. 2022-2023 წლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, თუმცა 2025 წლის მონაცემებით მიგრაციის ნაკლებობაა. კერძოდ, გასულ წელს ოჯახებთან ერთად ემიგრაციაში წასული ბავშვების რაოდენობა, 2020 წელთან შედარებით, თითქმის 3-ჯერ გაიზარდა.

„ზოგადი განათლების უწყვეტობის კუთხით კვლავ იკვეთება პრობლემური ტენდენციები. კერძოდ, წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებული რაოდენობრივი მაჩვენებლის მიუხედავად, 2025 წელს 7248 მოსწავლეს შეუჩერდა, ხოლო 1366 მოსწავლეს შეუწყდა მოსწავლის სტატუსი. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა უმრავლეს შემთხვევაში, კვლავაც „ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრების“, „მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მოსწავლის განცხადების“, 45 სასწავლო დღის განმავლობაში მოსწავლის გამოუცხადებლობისა და „პროფესიულ კოლეჯში სწავლის გაგრძელების“ საფუძვლით ხდება. ამასთანავე, ყველაზე მაღალი რაოდენობრივი მაჩვენებელი, გასული წლის მსგავსად, ისევ თბილისში (3434), ქვემო ქართლისა (1371) და აჭარის (1050) რეგიონებში იკვეთება.

საქართველოს სახალხო დამცველი, მრავალი წელია მიუთითებს მოსწავლეთა სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ერთიანი სტატისტიკის დახვეწის აუცილებლობაზე. მიუხედავად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოებისა, პროცესი ამ დრომდე არ არის დასრულებული. შესაბამისად, სტატისტიკის წარმოების არსებული ფორმა და სწავლის მიტოვების საფუძვლები კვლავ დასაზუსტებელია.“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის ახალ ანგარიშში.

„გურია ნიუსმა“ ამ საკითხზე სტატია 2026 წლის თებერვალში გამოაქვეყნა.   განათლების სამინისტროს მივმართეთ, რათა გაგვეგო, თუ რამდენმა ბავშვმა მიატოვა სწავლა საჯარო სკოლებში: “ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რამდენმა მოსწავლემ შეწყვიტა სასწავლო პროცესი გურიის სამივე მუნიციპალიტეტის სკოლებში; ასევე, მოგვწერეთ რა იყო მიზეზი, რის გამოც ბავშვმა შეწყვიტა სასწავლო პროცესი. გთხოვთ, მოგვწეროთ დეტალურად, რა გეგმა აქვს და რას აკეთებს სამინისტრო ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ასევე, მოგვწერეთ საქართველოს მასშტაბით რამდენმა ბავშვმა შეწყვიტა სასწავლო პროცესი“.

ამ კითხვებზე ორივე უწყებიდან პასუხები მივიღეთ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “სსიპ “განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ” განიხილა თქვენი განცხადება და დანართის სახით გიგზავნით მოთხოვნილ ინფორმაციას. სწავლის შეწყვეტის სტატისტიკური მონაცემებთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 12 პუნქტი ადგენს, რომ დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურებზე მოსწავლის საჯარო სკოლიდან გარიცხვა. ამდენად, სავალდებულოა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დასრულება, საჯარო სკოლა ვალდებულია 16- წლამდე ასაკის მოსწავლეების მიერ არ დაუშვას სწავლის მიტოვება/მოსწავლის გარიცხვა. საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ სტატუსის შეწყვეტა შესაძლებელია სხვადასხვა მიზეზის გამო, თუმცა სწავლის შეწყვეტა ყველა შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მოსწავლე არ გააგრძელებს სწავლას საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სწავლის შეწყვეტის ერთ–ერთი მიზეზი შესაძლებელია იყოს პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელება“, _ აღნიშნულია სამინისტროს მიერ გამოგზავნილ წერილში.

ამავე წერილში ვკითხულობთ: “ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ “პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, რიგ საშუალო პროფესიულ–საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები; შესაბამისად, ამ ტიპის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ გაცემული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან. ასევე გაცნობებთ, რომ “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების მიღება შეიძლება ექსტერნატის ფორმით. ექსტერნს უფლება აქვს, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღოს ექსტერნატის ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევის შემთხვევაში. ასევე ამავე კანონის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ ზოგადი განათლების მიღება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს ალტერნატიული ფორმებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებისა და შრომითი და ოჯახური პირობების გათვალისწინებით. ამდენად, სხვადასხვა სტატუსით ამორიცხულმა მოსწავლემ შესაძლოა აღიდგინოს სტატუსი და სწავლა გააგრძელოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაბამისად სწავლის შეწყვეტის საფუძვლით წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები ცვალებადია და მერყევი“.

განათლების ექსპერტი გოტა ჭანტურიაამ საკითხთან დაკავშირებით, “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ განათლების სამინისტრო ამ საკითხზე აუცილებლად უნდა მუშაობდეს და სისტემატურად უნდა იყოს დაინტერესებული. მისივე თქმით, ყველაზე სამწუხაროა, რომ სამინისტრო ამ კუთხით პრობლემას ვერ ხედავს.

“ბოლო პერიოდში {მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის მიზეზი…} ერთი ეს არის ემიგრაცია, როდესაც მშობლები უცხოეთში მიდიან თან მიყავთ ბავშვები და ყველაზე დიდი წილი ამაზე მოდის. მეორე, ეს არის შრომითი საკითხი, როდესაც მშობლის განაცხადის საფუძველზე, მოსწავლეები წყვეტენ სწავლას და სხვა საქმიანობაში ერთვებიან ან ბევრი გაცდენების გამო ტოვებენ სასწავლო პროცესს. გურიისთვის ეს ბოლო საკითხი ნაცნობია, რადგან სეზონურ სამუშაოებზე ბავშვები გადადიან მეზობელ თურქეთში სამუშაოზე. იქ ბავშვები ძალიან მძიმე შრომაში არიან ჩაბმული. კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ მეათე კლასიდან მოზარდების ნაწილი პროფესიულ სასწავლებლებში აგრძელებენ სწავლა–განათლებას, მაგრამ პროცენტულად ეს ნაწილი მცირეა…”, _ გვითხრა გოტა ჭანტურიამ.

The post „სტატისტიკის წარმოების არსებული ფორმა და სწავლის მიტოვების საფუძვლები კვლავ დასაზუსტებელია“ appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი