PEN Georgia – საქართველოს პენცენტრი განცხადებას ავრცელებს და პოეტ ზვიად რატიანს მხარდაჭერას უცხადებს.
„პენ საქართველო და ქართველი მწერლები, გამომცემლები და ლიტერატორები გმობენ მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექციის გადაწყვეტილებას, რომლითაც სინდისის პატიმარს, პოეტ ზვიად რატიანს აღკვეთის ფორმად მკაცრი რეჟიმი განესაზღვრა, რაც მისთვის პაემნების შეზღუდვასაც ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ ზვიად რატიანი ისედაც მკაცრი რეჟიმის პირობებში, სამარტოო საკანში იხდის სასჯელს და მას არასდროს დაურღვევია ციხის შინაგანაწესი.
დოკუმენტში, რომელიც ზვიად რატიანმა ციხის ადმინისტრაციისგან 6 აპრილს მიიღო, აღნიშნულია, რომ ის „საშიშროების მომეტებული რისკის“ მქონე პატიმარია და ეს გადაწყვეტილება “საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საიდუმლო სხდომაზე“ იქნა მიღებული.
ზვიად რატიანის ადვოკატები გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ, თუმცა, მანამდე კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ჩვენი დროის საუკეთესო ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს. მისი უკანონო პატიმრობა აუცილებლად დარჩება ქვეყნის ისტორიაში, როგორც უკიდურესად სამარცხვინო ფურცელი.
წერილი ღიაა ხელმოწერებისთვის“, _ ნათქვამია განცხადებაში.
The post პენ საქართველო: „ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება სინდისის პატიმარს, პოეტ ზვიად რატიანს“ appeared first on გურია ნიუსი.