სიახლე

გუთური, გოგოლესუბანი, ზომლეთი, შუა ამაღლება, ქვენობანი… — რა ბედი ეწევათ ჩოხატაურის საბავშვო ბაღებს?

GuriaNews

ჯვარცხმა, ხიდისთავი, ქვენობანი, ზოტი, საჭამიასერი, ნაბეღლავი და ხევი _ ეს ის სოფლებია, სადაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაციას გეგმავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, რომ ჩოხატაურის მერიამ მიმდინარე წლის 1 მაისს ხელშეკრულება გააფორმა „შპს ხევი +“-თან. ხელშეკრულება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების ექსპერტიზაგავლილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებდა. „გურია ნიუსისთვის“ ხელმისაწვდომი […] The post გუთური, გოგოლესუბანი, ზომლეთი, შუა ამაღლება, ქვენობანი… — რა ბედი ეწევათ ჩოხატაურის საბავშვო ბაღებს? appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ჯვარცხმა, ხიდისთავი, ქვენობანი, ზოტი, საჭამიასერი, ნაბეღლავი და ხევი _ ეს ის სოფლებია, სადაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაციას გეგმავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, რომ ჩოხატაურის მერიამ მიმდინარე წლის 1 მაისს ხელშეკრულება გააფორმა „შპს ხევი +“-თან. ხელშეკრულება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების ექსპერტიზაგავლილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებდა.

„გურია ნიუსისთვის“ ხელმისაწვდომი გახდა სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ატვირთული ოფიციალური დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, მხარეებს შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი უკვე გაფორმდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალურმა ინსპექტირების კომისიამ დოკუმენტაცია ყოველგვარი ხარვეზის გარეშე ჩაიბარა და ხელი მოაწერა, რითაც ოფიციალურად დაადასტურა მომზადებული პროექტები და ციფრები.

ოფიციალურად გაფორმებული ხელშეკრულების დანართისა და ტექნიკური დავალების მიხედვით, ჩოხატაურის სოფლების ბაღებში ჩასატარებელი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჯამური ხარჯთაღრიცხვა 95 678.59 ლარს შეადგენს , ხოლო საპროექტო მომსახურების ღირებულება (ნახაზებისა და დოკუმენტაციის მომზადება) 1 630 ლარია.

კომისიის მიერ დადასტურებული გეგმის მიხედვით, სამუშაოები და ხარჯები სოფლების მიხედვით ასე ნაწილდება:

 ჯვარცხმა: სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა 27 161.73 ლარს შეადგენს (საპროექტო ღირებულება _ 462.73 ლარი).  აქ დაგეგმილია სასადილოში ჭერისა და კედლების მოწყობა (60 კვ.მ), 3 კომპლექტი მეტალოპლასტმასის ფანჯრის ჩასმა და ლამინატის იატაკის დაგება (100 კვ.მ).

ზოტი: სამუშაოებისთვის 16 286.19 ლარია გამოყოფილი (საპროექტო ღირებულება _ 277.45 ლარი). პროექტი ითვალისწინებს ორი ოთახის კედლების შეღებვას რეცხვადი საღებავით (150 კვ.მ) და ჭერის შეღებვას (37 კვ.მ).

ქვენობანი: ძველი ბაღის სარემონტო სამუშაოები 15 089.78 ლარად არის შეფასებული (საპროექტო ღირებულება _ 257.07 ლარი). გეგმაშია ბეტონისა და მეტლახის იატაკის მოწყობა (31 კვ.მ), დერეფნის (144 კვ.მ) და ბავშვთა ოთახის (20 კვ.მ) კედლების ღებვა, ასევე გასახდელში განათების მოწესრიგება.

საჭამიასერი: სამუშაოების ღირებულება 13 230.16 ლარია (საპროექტო ღირებულება — 225.39 ლარი). აქ იატაკის მოწყობა (70-75 კვ.მ) და კედლების მოპირკეთება (პლასტიკატით და საღებავით _ 90 კვ.მ) იგეგმება.

ხიდისთავი: ბიუჯეტიდან 13 209.69 ლარი გამოიყოფა (საპროექტო ღირებულება _ 225.04 ლარი). დაგეგმილია სამზარეულოში, ჭურჭლის სამრეცხაოსა და სასადილოში ჭერის, კედლისა და იატაკის მოწყობა ადვილად წმენდადი მასალებით (73 კვ.მ), აგრეთვე სახურავის საწვიმარი ღარების დაზიანებული ნაწილის შეკეთება (35 გრძ.მ).

ხევი: ბაღის რეაბილიტაციას 9 682.23 ლარი მოხმარდება (საპროექტო ღირებულება _ 164.95 ლარი). პროექტის მიხედვით, ბავშვთა სათამაშო ოთახში კედელი ხის პანელით (90 კვ.მ) უნდა მოეწყოს.

ნაბეღლავი: ყველაზე მცირე თანხა _ 1 018.81 ლარი (საპროექტო ღირებულება _ 17.36 ლარი) სწორედ ამ სოფლის ბაღზე მოდის. აქ მხოლოდ სამზარეულოს კარების მოწყობა იგეგმება მეტალოპლასტმასითა და დამცავი ბადით.

კომისიის მიერ დადასტურებული გეგმის მიხედვით, სამუშაოები და ხარჯები სოფლების მიხედვით ზუსტად ასე ნაწილდება.

ამ ჩამონათვალში განსაკუთრებულ ყურადღებას კვლავ სოფელ ქვენობნის საბავშვო ბაღის ქეისი იპყრობს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ერთი თვის წინ ოფიციალურად გამოაცხადა ქვენობანში სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის პროექტირების დაწყება, რომელზეც „შპს როიალ არტ ჯგუფი“ (Royal Art Group) მუშაობს.

„გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი _ ახალი საბავშვო ბაღი ქვენობანში სრულიად სხვა ლოკაციაზე (ადგილას) აშენდება და მას არსებულ, ძველ შენობასთან კავშირი არ აქვს.

გამოდის, რომ მაშინ, როცა სოფელში ახალი ბაღის მშენებლობა უკვე ოფიციალურად დაგეგმილია, მუნიციპალიტეტი ძველი შენობის რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან მაინც 15 089.78 ლარს გამოყოფს  _ იმ შენობისთვის, რომელიც სულ მალე ფუნქციას სრულად დაკარგავს და მიტოვებული დარჩება. მერიამ ეს ხარჯთაღრიცხვა მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით უკვე საბოლოოდ დაადასტურა.

„გურია ნიუსმა“ ჩოხატაურის მერიის პრესსამსახურს კითხვით მიმართა: რატომ მიიჩნია მუნიციპალიტეტმა მიზანშეწონილად ძველ შენობაში ათასობით ლარის დახარჯვა, როდესაც ახალი ბაღის მშენებლობა იგეგმება?

მერიაში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება გადაუდებელი იყო:

„სოფელ ქვენობნის ახალი საბავშვო ბაღის შენობის დაპროექტება-მშენებლობა, რომელსაც ახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი, გარკვეულ ვადებთანაა დაკავშირებული (მომსახურების გაწევის საბოლოო ვადად 2028 წლის 31 დეკემბერია განსაზღვრული). მანამდე აუცილებელია არსებულ შენობაში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარება სურსათის უვნებლობის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და მოთხოვნების შესრულებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, საბავშვო ბაღი დგებოდა ფუნქციონირების შეჩერების რისკის წინაშე“,_ გვიპასუხეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ფაქტია, რომ ვიდრე ქვენობნელები ახალ ლოკაციაზე თანამედროვე ბაღის აშენებას დაელოდებიან, ადგილობრივ ბიუჯეტს ძველი კედლების შეკეთება სოლიდური თანხა უჯდება. რამდენად ეფექტურად არის გათვლილი ვადები და ხარჯები, ამას მომავალი აჩვენებს, თუმცა დოკუმენტები უკვე ხელმოწერილია და პროცესი დაწყებულია.

სანამ მუნიციპალიტეტის მერია არსებული ძველი ბაღების კოსმეტიკურ რემონტზე აფორმებს აქტებს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან „გურია ნიუსისთვის“ მოწოდებული ოფიციალური საჯარო ინფორმაციით ირკვევა, რომ ჩოხატაურის რამდენიმე სოფელში საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესი სერიოზულ კრიზისს განიცდის.

სოფელ გუთურში, გოგოლესუბანში, ზომლეთსა და შუა ამაღლებაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებზე ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2023 წელს იყო გაფორმებული. თუმცა, ფონდმა 2025  წლის 17 თებერვალს კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა. მიზეზად კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა სახელდება და ამ ეტაპზე კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებები მიმდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ ამ ოთხ სოფელში ახალი ბაღების მშენებლობა გაურკვეველი ვადით შეჩერებულია.

შედარებით პოზიტიური სიახლეა სოფელ იანეულთან დაკავშირებით _ მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 25-ბავშვიანი საბავშვო ბაღის ტიპიური პროექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. ამ სტანდარტული პროექტის დასრულების შემდეგ, მოხდება მისი მორგება (ადაპტირება) უშუალოდ სოფელ იანეულში ახალი ბაღის ასაშენებლად.

The post გუთური, გოგოლესუბანი, ზომლეთი, შუა ამაღლება, ქვენობანი… — რა ბედი ეწევათ ჩოხატაურის საბავშვო ბაღებს? appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი