მარტივდება მსუბუქი ავტომობილისთვის საჭირო B კატეგორიისა და B1 ქვეკატეგორიის მართვის უფლების მიღება. შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა 20 მაისს გამოსცა შესაბამისი ბრძანება.
დღეიდან, 21 მაისიდან გამოსაცდელს თეორიული გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუკი 30 კითხვიდან 25-ს სწორად უპასუხებს.
აქამდე გამოცდის ჩასაბარებლად სულ მცირე 27 სწორი პასუხი იყო საჭირო.
ცვლილებების ნაწილი 15 ივნისიდან ამოქმედდება:
- პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, რაც ქალაქში ავტომობილის მართვას გულისხმობს, გამომცდელი კანდიდატს შეცდომის გამოსასწორებლად მისცემს „გონივრულ ვადას“ და მისცემენ მითითებას (მაგ.: „გთხოვთ კიდევ ერთხელ შეამოწმოთ საგზაო მოძრაობისთვის მზადყოფნა“);
- გარდა ამისა, 12 მსუბუქი შეცდომის რაოდენობა გაზრდილია 15-მდე.
საქართველოში მართვის მოწმობის ასაღებად სამი ეტაპის გავლაა საჭირო:
- ტესტირება;
- გამოცდა შსს-ს მიერ გამოყოფილ დახურულ სივრცეში;
- გამოცდა ქალაქში.
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცნობით, 22 მაისიდან, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატს შეეძლება „ქალაქის გამოცდაზე“ რეგისტრაცია.
ყოველ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად საჭიროა დაწესებული ზღვრის გადალახვა.
The post მართვის მოწმობის აღება გამარტივდა appeared first on გურია ნიუსი.