სააგენტო "პარალელი"
კოლხური წყალიკრეფია – Aquilegia Colchica
ვაგრძელებთ საქართველოს ფლორის წარმომადგენლებზე საუბარს და დღეს გიამბობთ მცენარეზე, რომელსაც ერთი შეხედვით უცნაური სახელი ჰქვია – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა:
კოლხური წყალიკრეფია ხარისძირასებრთა ოჯახის წარმომადგენელია და მას სხვებისგან უნიკალური ფორმის ყვავილებით გამოარჩევთ. ყვავილებში მცენარე აგროვებს წვიმის წყალსა და ნამს. სწორედ ამ მახასიათებლის გამო შეერქვა მას სახელი, რომელიც ლათინურად პირდაპირ ითარგმნება როგორც წყლის შემკრები – Aquilegia.
კოლხური წყალიკრეფია საქართველოს ენდემია. წარსულში მას იმერეთის რეგიონში ხშირად შეხვდებოდით, მაგრამ დღეს, ჰაბიტატების დაზიანების გამო, მხოლოდ ჭიათურის მიდამოებშია შემორჩენილი.
მიუხედავად გარეგნული სინაზისა მრავალწლოვანი მცენარე ყინვაგამძლეა, თუმცა მისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია ტენიანი ნიადაგი.
კოლხურ წყალიკრეფიას სამკურნალო თვისებები აქვს და ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.
სამწუხაროდ მცენარეს დღეს გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის სტატუსი აქვს და მას ველურ ბუნებაში იშვიათად თუ შეხვდებით.
თქვენ რა გსმენიათ კოლხურ წყალიკრეფიაზე?