თბილისის მზადყოფნის შემთხვევაში რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზადაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა.
- „მზად ვართ, ამ მიმართულებით იმდენად შორს წავიდეთ, რამდენადაც თბილისი ამისთვის მზად იქნება. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან, მიუხედავად ცნობილი პოლიტიკური პრობლემების არსებობისა, თანმიმდევრულად განვითარდება იქ, სადაც ორივე მხარე ამისთვის მზად იქნება, სადაც ეს ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანია“, – განაცხადა გალუზინმა.
მისი თქმით, „დღეს ეკონომიკური, სატრანსპორტო და ტურისტული კავშირები აქტიურად ვითარდება“.
- „ვიმედოვნებთ, რომ ქართული მხარეც დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით, პოლიტიკური სირთულეების მიუხედავად“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ასევე, გალუზინმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვაზე საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მიხაილ შვიდკოის ვიზიტის შესახებაც ისაუბრა.
- „ის ნამდვილად საქართველოს ეროვნული სულიერი ლიდერი იყო. ადამიანი, რომელიც იცავდა ტრადიციულ ღირებულებებს, მართლმადიდებლურ ტრადიციებს, მართლმადიდებლობის ერთობას და რომელმაც, მთელ მსოფლიოში მაღალი ავტორიტეტი მოიპოვა.
- შვიდკოიმ პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებსა და ქართველ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.
- თავად ეს ფაქტი მოწმობს ჩვენს ხალხებს შორის კულტურული, ისტორიული და სულიერი სიახლოვის შესახებ. ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, საერთო ღირებულებითი საფუძველი გვაქვს“, – განაცხადა გალუზინმა.