
არჩევნები უნგრეთში

ვიქტორ ორბანისა და მისი მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „ფიდესის“ უწყვეტი მმართველობის ეპოქა, რომელიც 2010 წელს დაიწყო, დასრულებულია.
ხელისუფლებაში ყოფნის წლებში ორბანმა საარჩევნო სისტემა ისე გადააწყო, რომ ოპოზიციისთვის ბრძოლა მაქსიმალურად გაერთულებინა. თუმცა, 2026 წლის 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებზე მემარჯვენე პარტია „ტისამ“ მაინც შეძლო გამარჯვება: წინასწარი მონაცემებით, ის 199 მანდატიან პარლამენტში 138 მანდანტს იღებს.
„ტისას“ ლიდერი, 45 წლის პეტერ მადიარი უნგრეთის საგარეო პოლიტიკის საგრძნობლად კორექტირებას აპირებს: ევროკავშირთან და უკრაინასთან ურთიერთობების დალაგებას, ასევე რუსეთთან ურთიერთობაში „პრაგმატულ მიდგომაზე“ გადასვლას. მოსკოვის მიმართ მკვეთრი არამეგობრული ნაბიჯები მოსალოდნელი არ არის, თუმცა რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება სავსებით რეალურია.
თუ როგორ მიმდინარეობდა წინასაარჩევნო კამპანია და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ არჩევნებს, „ნოვაია გაზეტა ევროპას“ მასალაში:
________________________________________
“ყველა უნგრელის გამარჯვება”
არჩევნების წინა დღეს უნგრეთის ეროვნულ საარჩევნო ბიუროში აცხადებდნენ, რომ გამარჯვებული, შესაძლოა, არც 12 აპრილის საღამოს და არც 13 აპრილის დილას არ გამოვლენილიყო. რბოლა იმდენად კონკურენტული იქნებოდა, რომ საბოლოო შედეგს ბოლო ბიულეტენის დათვლამდე ვერ გავიგებდით. ვარაუდობდნენ ასევე, რომ არჩევნების ბედს საზღვარგარეთიდან მიღებული ხმები გადაწყვეტდა.
თუმცა, ინტრიგა სწრაფად გაიფანტა.
ადგილობრივი დროით 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმების დათვლა დაიწყო. როცა ბიულეტენების 40% უკვე დამუშავებული იყო, ოპოზიციური პარტია „ტისას“ შტაბში შამპანურს ხსნიდნენ. 21:11 საათზე პარტიის ლიდერმა, პეტერ მადიარმა, ფეისბუკზე დაწერა, რომ ვიქტორ ორბანმა დაურეკა და გამარჯვება მიულოცა. ცოტა ხანში, მას საზღვარგარეთიდანაც დაურეკეს ლიდერებმა – საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა მანფრედ ვებერმა, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.
ბუდაპეშტის ცენტრში გამარჯვების სიტყვით გამოსვლისას მადიარმა თქვა, რომ გამარჯვების მასშტაბი „უნგრეთის ყველა ფანჯრიდან ჩანს“ – იქნება ეს პატარა სოფლის სახლი თუ ქალაქის პანელური ბინა. მან უნგრელებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მათ „არა“ უთხრეს „მოტყუებას, სიცრუესა და ღალატს“, და დასძინა, რომ „დავითისა და გოლიათის ბრძოლაში“ სიყვარულმა გაიმარჯვა. „დაე, ეს გამარჯვება გახდეს ყველა უნგრელის გამარჯვება, მათ შორის იმათიც, ვინც „ტისას“ არ მისცა ხმა“, – თქვა მომავალმა პრემიერ-მინისტრმა.
ამავდროულად, ვიქტორ ორბანმა მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას მარცხი აღიარა და შედეგს მტკივნეული უწოდა.
„ჯერ არ ვიცით, რას ნიშნავს ეს არჩევნების შედეგები ჩვენი ქვეყნისა და ერის ბედისთვის – ამას დრო აჩვენებს. მაგრამ ჩვენ ჩვენს ქვეყანას ოპოზიციაშიც მოვემსახურებით, – თქვა მან. – ჩვენ არ დავნებდებით. არასოდეს, არასოდეს, არასოდეს და არაფრის ფასად არ დავნებდებით“. ორბანის თქმით, უახლოესი დღეები „ჭრილობების მოშუშებას“ დაეთმობა, რის შემდეგაც მუშაობა გაგრძელდება.
უნგრეთის პარლამენტში 199 ადგილია: 93 მანდატი პარტიულ სიებზე პროპორციული სისტემით ნაწილდება, 106 კი ერთმანდატიან ოლქებში აირჩევა. წინასწარი მონაცემებით, „ტისა“ 138 მანდატს იღებს, ანუ ორ მესამედზე მეტს, რაც კონსტიტუციურ უმრავლესობას ნიშნავს. „ფიდესი“ ქრისტიან-დემოკრატიულ სახალხო პარტიასთან ერთად 55 მანდატს მიიღებს, ხოლო ულტრამემარჯვენე „ჩვენი სამშობლო“ – ექვსს. ახალი პარლამენტის პირველი სხდომა არაუგვიანეს 12 მაისისა უნდა გაიმართოს.
ამჟამინდელ მოწვევაში „ფიდესს“ 135 მანდატი ჰქონდა, ოპოზიციურ კოალიციას – 57, „ჩვენს სამშობლოს“ – ექვსი, კიდევ ერთი ადგილი კი გერმანული ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელს ეკავა.

„აირჩიე სანამ გვიან არ არის“
ამ არჩევნებზე უპრეცედენტოდ მაღალი ფსონების გამო, როგორც „ტისას“, ისე „ფიდესის“ კამპანია ბოლო წუთამდე გაგრძელდა: უნგრეთის კანონმდებლობა კენჭისყრამდე „დუმილის დღეს“ არ ითვალისწინებს.
არჩევნების წინა დღეებში „ტისა“ მხარდამჭერებს მოუწოდებდა, აგიტაციისთვის ყველა შესაძლო შემთხვევა გამოეყენებინათ. „უნდა ელაპარაკოთ ყველას – პარიკმახერს, გამყიდველს, კოლეგას, ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელს, ბაზარში მოვაჭრეს, რიგში გვერდით მდგომ ადამიანსაც კი. თითოეულ საუბარს მნიშვნელობა აქვს“, – აცხადებდა პარტია შაბათს.
იმავე დღეს „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მადიარმა, ცალკე მიმართა საზღვარგარეთ მცხოვრებ უნგრელებს და მოუწოდა, სასწრაფოდ დაბრუნებულიყვნენ ქვეყანაში და არ გამოეტოვებინათ გადამწყვეტი კენჭისყრა. თავისი მოწოდება მან შანდორ პეტეფის „ეროვნული სიმღერის“ სტრიქონებით გაამყარა – ეს ლექსი 1848 წლის უნგრული რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა: „ადექი, მადიარო, სამშობლო გიხმობს! აირჩიე, სანამ გვიან არ არის: შეეგუო მონურ ხვედრს თუ იცხოვრო თავისუფლად?“
მეორე დღეს, უკვე კენჭისყრის მიმდინარეობისას, მადიარმა განაცხადა, რომ ორბანის ხელისუფლების ბოლო საათები დადგა, და კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, ვისაც ჯერ არ ჰქონდა ხმა მიცემული, აუცილებლად მისულიყვნენ საარჩევნო უბნებზე.
მადიარი თანმიმდევრულად ცდილობდა, ამომრჩევლებისთვის აეხსნა, რომ ეს ისტორიული მნიშვნელობის არჩევნები იყო.
მის მიერ გამოქვეყნებული მოგზაურობის რუკის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით მისი წინასაარცევნო ტური მართლაც შთამბეჭდავი და მოქმედი პრემიერის კამპანიაზე ბევრად უფრო ინტენსიური იყო. დღის განრიგი დღეში ოთხიდან ექვს გამოსვლას მოიცავდა, მათ შორის პატარა სოფლებშიც, რომლებიც ტრადიციულად მმართველი პარტიის საყრდენად ითვლებოდა.
მადიარის გამძლეობა წინასწარაც ცნობილი იყო. 2025 წელს, როცა უკვე არჩევნებისთვის ემზადებოდა, მან ფეხით დაახლოებით 300 კილომეტრი გაიარა ბუდაპეშტიდან რუმინეთის საზღვრამდე – ეს იყო სიმბოლური მცდელობა, „ნაბიჯ-ნაბიჯ“ გაეერთიანებინა გაყოფილი ერი.
თუმცა, ვიქტორ ორბანიც უკიდურესად აქტიურ კამპანიას აწარმოებდა. 11 აპრილს დილით მან წამოიწყო მოკლევადიანი აქცია „ერთი მილიონი ხელის ჩამორთმევა“ და მოუწოდა „ფიდესის“ მხარდამჭერებს, ამომრჩევლებსა და კანდიდატებს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეხვედროდნენ და დალაპარაკებოდნენ, რათა დღის ბოლოს ზუსტად ამ რაოდენობის ხელის ჩამორთმევა დაგროვილიყო. ამ კამპანიაში თავად ორბანიც აქტიურად ჩაერთო. „მთელი დღე გზაში ვართ, განწყობას არ ვუჩივით, უმრავლესობა ყველგან ჩვენიანია!“ – დაწერა მან ფეისბუკზე.
თუმცა, უკვე რამდენიმე საათში, 12 აპრილს გაირკვა, რომ ეს უფრო სურვილი იყო, ვიდრე რეალობა.
როგორც არ უნდა იყოს, ორივე პარტიამ ამომრჩევლებამდე მიიტანა მთავარი გზავნილი: არჩევნების დღეს სახლში დარჩენა არ შეიძლება. შედეგად, აქტივობა რეკორდული აღმოჩნდა – 77,8 %, რაც 2022 წლის არჩევნებთან შედარებით 10 პროცენტული პუნქტით მეტია.

მაყურებლები დაესწრებიან Rendszerbonto-ს კონცერტს გმირთა მოედანზე ბუდაპეშტში, 2026 წლის 10 აპრილი. ფოტო: Ferenc Isza / AFP / Scanpix / LETA
ხულიგნობის ზღვარზე მყოფი კონცერტი
ვიქტორ ორბანმა თავისი კამპანია ოფიციალურად 11 აპრილის საღამოს დაასრულა – ბუდაპეშტში, წმინდა სამების მოედანზე გამართულ მრავალათასიან მიტინგზე. ის ჰპირდებოდა ამომრჩევლებს, რომ „უნგრეთი მშვიდობის კუნძულად დარჩება“, ამაყად აცხადებდა, რომ „ევროპაში ჯერ კიდევ არის ქვეყანა, სადაც მამა კაცია, დედა კი ქალი“, და მხარდამჭერებს აქებდა იმისთვის, რომ „მშვიდი უმრავლესობიდან“ „ხმაურიან უმრავლესობად“ იქცნენ.
პეტერ მადიარმა კამპანია ოფიციალურად ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში, დებრეცენში დაასრულა. თუმცა, ოპოზიციური მობილიზაციის კულმინაციად უფრო ის ღონისძიება შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც ერთი დღით ადრე ბუდაპეშტში გაიმართა – „სისტემის დემონტაჟის დიდი კონცერტი“. შვიდსაათიან ღონისძიებას დაახლოებით 100 ათასი ადამიანი დაესწრო, უმეტესად ახალგაზრდები. ჟურნალისტებთან საუბარში მონაწილეები ირონიით იმეორებდნენ ხელისუფლების პროპაგანდისტულ შტამპებს – მაგალითად, რომ ისინი „უკრაინელი ჯაშუშები“ იყვნენ ან ფულის სანაცვლოდ იყვნენ მისულები. მედიის საშუალებით ისინი თავიანთ ბებია-ბაბუებს, „ფიდესის“ ტრადიციულ ამომრჩევლებს, მიმართავდნენ: „ჩვენს მომავალზე იფიქრეთ“.
საკუთარ პოლიტიკურ სიმპათიებს არც სცენაზე მდგომი არტისტები მალავდნენ. კონცერტში 40-ზე მეტი ცნობილი უნგრული ჯგუფი და შემსრულებელი მონაწილეობდა. რეპერმა Saiid-მა თქვა, რომ მის წინაშე „მოღალატეები“ კი არა, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრების მსურველი ადამიანები იდგნენ, და სამართალდამცავებს მოუწოდა, „ხალხის მხარეს გადასულიყვნენ“.
ლეგენდარულმა როკ- მუსიკოსმა იანოშ ბროდიმ ჯგუფ Ivan & The Parazol-თან ერთად შეასრულა სიმღერა Ezek ugyanazok („ეს ისევ ისინი არიან“). იმღერა იმაზეა, რომ დრო და ლოზუნგები იცვლება, ხელისუფლებაში კი ისევ იგივე შეგუებულები, მლიქვნელები და ფარისევლები რჩებიან. ბროდიმ იმედი გამოთქვა, რომ 12 აპრილის შემდეგ ეს სიმღერა აქტუალობას დაკარგავდა.
პანკ-ჯგუფმა Hétköznapi Csalódások გამოსვლა ლოზუნგით დაიწყო – „ბინძური “ფიდესი!” შეასრულა სიმღერა Viktor და ირონიულად დაემშვიდობა აუდიტორიას: „Goodbye! Auf Wiedersehen და განსაკუთრებით “До свидания“, – დაამატა, რომ ასე იტყოდა „ვიქტორიც და მისი პატრონი პუტინიც“.
სხვა გამოსვლები კიდევ უფრო რადიკალური იყო. პანკ-როკ ჯგუფმა Központi Hatalom-მა „ფიდესის“ ამომრჩევლებს „ჩამორჩენილები“ უწოდა და განაცხადა, რომ მათ „რუსულ ბარაკში ლპობა“ ეკუთვნით. ხოლო რეპ-დუეტ Hősök-ის ერთ-ერთმა წევრმა პუბლიკა შოკში ჩააგდო უხამსი ჟესტით და ორბანის კანცელარიის ხელმძღვანელის მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილებით.
ამგვარი რადიკალური ჟესტების შემდეგ პრემიერის მრჩეველმა, ბალაშ ორბანმა, ფეისბუკზე დაწერა: „ეს სიძულვილი ხვალ საარჩევნო ურნებთან იქნება. ვაჩვენოთ, რომ ჩვენ უფრო მეტნი ვართ – ისინი, ვისაც სიყვარულისა და ერთიანობის ძალის გვჯერა“.
მთავრობის პრესსპიკერმა ზოლტან კოვაჩმა გამოაქვეყნა კოლაჟი ორი ფოტოთი: ერთზე Hősök-ის პროვოკაციული ეპიზოდი იყო, წარწერით „ტისა“, მეორეზე კი – მომღიმარი ოთხსულიანი ოჯახი, როგორც „ფიდესის“ პირობებში ბედნიერი უნგრეთის სიმბოლო.

ინფორმაციული ბლოკადის გარღვევა
სოციალურ ქსელებში ბრძოლა მთელი კამპანიის განმავლობაში მიმდინარეობდა. განსაკუთრებით ფართოდ ვრცელდებოდა ვიდეოები, რომლებიც ამომრჩევლებს აშინებდა იმით, რომ „ტისას“ გამარჯვების შემთხვევაში უნგრელ ჯარისკაცებს ფრონტზე გაგზავნიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის პროგრამაში მსგავსი არაფერი წერია. ჟურნალი The Economist აღნიშნავდა, რომ ეს ნარატივი განსაკუთრებით ეფექტიანი აღმოჩნდა გარკვეული ჯგუფებისთვის, მათ შორის რომა თემებში.
უნდა ითქვას, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები ინტერნეტში უფრო აქტიურად და შემოქმედებითად მოქმედებდნენ: მართავდნენ სტრიმებს, ავრცელებდნენ მიმებს და იყენებდნენ სხვა ციფრულ ფორმატებს. „ფიდესის“ მოწინააღმდეგეთა ონლაინკამპანიის სახეებად იქცნენ ახალგაზრდა ინფლუენსერები, მათ შორის Oszikaaa – 21 წლის ოსკარ კალაი, რომლის ვიდეოებიც მილიონობით ნახვას აგროვებს.
სწორედ ინტერნეტის დახმარებით ახერხებდნენ პეტერ მადიარი და მისი თანამოაზრეები იმ საინფორმაციო ბლოკადის გარღვევას, რომელიც ხელისუფლების თითქმის სრული კონტროლის პირობებში შეიქმნა ტრადიციულ მედიაზე. ამ სისტემის საყრდენს წარმოადგენს ფონდი KESMA, რომელიც 500-ზე მეტ ადგილობრივ და ეროვნულ მედიასაშუალებას აკონტროლებს.
განსაკუთრებულ როლს ინარჩუნებს სახელმწიფო ტელევიზია MTVA, რომლის დაფინანსებისთვის 2025 წელს ბიუჯეტიდან რეკორდული 160,8 მილიარდი ფორინტი, ანუ 400 მილიონ ევროზე მეტი გამოიყო. მაგალითად, 2025 წლის თებერვლიდან ივნისამდე მმართველი კოალიციის – „ფიდესისა“ და ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის პოლიტიკოსებმა MTVA-ს ახალი ამბების ეთერში დროის 73% მიიღეს, თანაც თითქმის არასოდეს ნეგატიური გაშუქებით.
ყველა ოპოზიციურ პოლიტიკოსზე ერთად მხოლოდ 27% მოვიდა, ისიც უმეტესად ნეგატიურ კონტექსტში.
წინასაარჩევნო კამპანიის ზუსტი სტატისტიკა ჯერ დასათვლელია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ სურათი მნიშვნელოვნად განსხვავებული აღმოჩნდეს.
მსგავსი ვითარება იყო გარე რეკლამის შემთხვევაშიც. რადგან ქვეყანაში სარეკლამო სივრცეების თითქმის მთელი ბაზარი „ფიდესთან“ დაახლოებულ კომპანიებს ეკუთვნის, „ტისას“ პლაკატების ნახვა იშვიათი იყო. სამაგიეროდ, პეტერ მადიარის სახე რეგულარულად ჩნდებოდა თავად „ფიდესის“ პლაკატებზე წარწერით „ისინი საშიშნი არიან“, სადაც მისი ფოტო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოს გვერდით იყო განთავსებული. როგორც ჩანს, უნგრეთის ხელისუფლებას დაავიწყდა, რომ „ანტირეკლამაც რეკლამაა“…
სახით ბრიუსელისკენ
რესურსების ასეთმა კონცენტრაციამ ხელისუფლებას მისცა შესაძლებლობა, ამომრჩევლისთვის მარტივი არჩევანი ეჩვენებინა: „ორბანი მშვიდობაა, მადიარი კი ომი“. ოპოზიციის ლიდერს ხან ბრიუსელის მარიონეტად წარმოაჩენდნენ, ხანაც უკრაინის აგენტად.
თუმცა, ეს აშკარა გადაჭარბება იყო. მთელი კამპანიის განმავლობაში მადიარი უკრაინის საკითხზე ფრთხილ პოზიციას ინარჩუნებდა: გამოდიოდა იმის წინააღმდეგ, რომ უნგრეთს კიევისთვის იარაღი მიეწოდებინა, და სთავაზობდა, უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების საკითხი რეფერენდუმზე გატანილიყო.
როგორც Politico-ს ანონიმურმა ევროპელმა დიპლომატმა უთხრა, „უკრაინა უნგრელი ამომრჩევლებისთვის პოპულარული თემა არ არის“, ამიტომ მადიარს, სავარაუდოდ, ძალიან ფრთხილად მოქმედება მოუწევს. უკრაინელი ექსპერტებიც აღიარებდნენ, რომ ბუდაპეშტში ხელისუფლების შეცვლა არ ნიშნავს კიევის მიმართ კურსის ავტომატურ ცვლილებას.
მიუხედავად ამისა, სულ მცირე საწყის ეტაპზე, უკრაინას კარგი სიახლეების მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, შესაძლოა განიბლოკოს ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს კრედიტი, რომელსაც ორბანი ეწინააღმდეგებოდა. ასევე დამტკიცდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი. ამ ინიციატივას აქამდე სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცოც აკრიტიკებდა, მაგრამ მოკავშირის დაკარგვის შემდეგ მისი პოზიცია, სავარაუდოდ, ნაკლებად რადიკალური იქნება.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პეტერ მადიარს გამარჯვება მიულოცა. მან განაცხადა, რომ მზად არის „შეხვედრებისთვის და ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ქვეყნის, ასევე ევროპაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის სასარგებლოდ“.
აშკარაა ისიც, რომ ბუდაპეშტსა და ბრიუსელს წინ ურთიერთობების „თაფლობის თვე“ ელის.
„უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის ირჩევდა უნგრეთს. ქვეყანა ევროპულ გზას უბრუნდება. კავშირი უფრო ძლიერდება“, – დაწერა X-ში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ბრიუსელმა, თავის მხრივ, შესაძლოა უახლოეს პერიოდში უნგრეთს განუბლოკოს 8,4 მილიარდი ევრო ევროკავშირის შეკავშირების ფონდიდან, 9,5 მილიარდი ევრო აღდგენის ფონდიდან და ასევე დაამტკიცოს 17,4 მილიარდი ევროს შეღავათიანი კრედიტი SAFE-ის პროგრამის ფარგლებში. ეკონომისტების შეფასებით, ეს ყველაფერი უნგრეთის ეკონომიკას საგრძნობლად დაეხმარება.
თუმცა მადიარი, რა თქმა უნდა, ევროკავშირის „მარიონეტი“ არ იქნება. ის საუბრობდა ბრიუსელთან ურთიერთობის ნორმალიზების სურვილზე, მაგრამ ხაზს უსვამდა, რომ ეს უნგრეთის ეროვნული ინტერესების სრული გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიის საკითხებზე მადიარისგანაც ორბანზე არანაკლებად ხისტ პოზიციას უნდა ველოდოთ. მიგრაციის თემაზეც მათ შორის პრინციპული სხვაობა თითქმის არ ჩანს: მადიარი მხარს უჭერს საზღვრების მკაცრ კონტროლს და თავშესაფრის საკითხებში ეროვნული სუვერენიტეტის შენარჩუნებას.
რაც შეეხება რუსეთს, მადიარი იზიარებს მოსაზრებას, რომ ვლადიმირ პუტინი „უნგრეთის, ევროპის და ევროპული ცივილიზაციისთვის საფრთხეა“. კამპანიის დღეებში „ტისას“ ღონისძიებებზე არაერთხელ ისმოდა შეძახილი „რუსებო, სახლში!“. პარტიის გამარჯვების შემდეგაც მისმა მხარდამჭერებმა იგივე ისკანდირეს ბუდაპეშტის ცენტრში, ხოლო პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა ეს ფრაზა მადიარისადმი მისალოც პოსტშიც გამოიყენა.
ამასთან, ახალი ხელისუფლებისგან მოსკოვთან ურთიერთობის მკვეთრ გაწყვეტას მაინც არ უნდა ველოდოთ. მადიარი ხაზს უსვამდა, რომ უნგრეთის ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე კიდევ გარკვეული ხნით შენარჩუნდება, რადგან საწვავის მიწოდების დივერსიფიკაცია ერთ დღეში ვერ მოხდება და მკაფიო ალტერნატივებიც არ ჩანს. მისი თქმით, რუსეთი არ უნდა იყოს „პრაქტიკულად ერთადერთი“ მომწოდებელი, არამედ მხოლოდ „ერთ-ერთი“. „საჭიროების შემთხვევაში მოსკოვთან მოლაპარაკებებს გავმართავთ, თუმცა რუსეთის მეგობრები არ ვიქნებით“, – ამბობდა ის.
მთლიანობაში, მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ 2026 წლის არჩევნები ორ იდეოლოგიურად შეუთავსებელ პოლიტიკოსს შორის ბრძოლა არ ყოფილა: ორივე მემარჯვენე ფლანგზე დგას. განსხვავება ისაა, რომ „ტისას“ ლიდერი გარკვეულწილად მოგვაგონებს 1998 წლის ორბანს – ახალგაზრდა პროდასავლელ კონსერვატორს, რომელსაც მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა „მაფიოზური“ კავშირების ტვირთი.
მადიარმა კამპანიის ცენტრში შიდა პრობლემები დააყენა: კორუფცია „მაფიოზურ სახელმწიფოში“, საავადმყოფოებისა და სკოლების ქრონიკული დაუფინანსებლობა, ეკონომიკური სტაგნაცია, ბიუჯეტის დეფიციტი, საკრედიტო რეიტინგების დაქვეითების რისკი და ცხოვრების გაძვირება. „ტისას“ ტიპური პოსტი სოციალურ ქსელებში დაახლოებით ასე ჟღერდა: „ადრე იოჟის ხელფასი თვის ბოლომდე ჰყოფნიდა, ახლა კი აღარ… პენსია ახლოვდება, მაგრამ ეს მას არ ამშვიდებს, პირიქით, უფრო აშფოთებს… იოჟს ბრაზი არ აქვს – უფრო დაღლილობა იგრძნობა“.
როგორც „ტისაში“ ამბობდნენ, ხელისუფლების შეცვლა სწორედ ასეთ ადამიანებს დაეხმარებოდა. მადიარი იმასაც ამტკიცებდა, რომ „ორბანის კორუმპირებული და არაადამიანური მთავრობის“ წინააღმდეგ უკვე უნგრეთის პროვინციაც აღდგა. თუ არჩევნების შედეგებით ვიმსჯელებთ, ეს განცხადება რეალობა აღმოჩნდა.
ყველაფერი გამარჯვებისთვის
მიუხედავად იმისა, რომ პეტერ მადიარი წინასწარ დარწმუნებული იყო თავისი პარტიის გამარჯვებაში, ის თან მხარდამჭერებს აფრთხილებდა: მოდუნება არ შეიძლება, რადგან ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. არჩევნების წინა დღეს, შაბათს მან განაცხადა, რომ „ფიდესის“ წარმომადგენლები თავიანთი რუსი მრჩევლების რჩევით ამზადებდნენ პროვოკაციებს საარჩევნო უბნებზე „ტისას“ აქტივისტების სახელით.
ეს შიშები უსაფუძვლო არ იყო, თუ წინა წლების გამოცდილებას გავითვალისწინებთ. წინა არჩევნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებლები აფიქსირებდნენ ე.წ. „ჯაჭვურ ხმის მიცემას“. სქემის პირველი მონაწილე იღებდა ბიულეტენსა და კონვერტს, ურნაში ცარიელ კონვერტს აგდებდა, სუფთა ბიულეტენი კი გარეთ გამოჰქონდა. იქ პარტიული ფუნქციონერი სასურველ ნიშნულს დასვამდა, შემდეგ კი მეორე ამომრჩეველი უკვე შევსებულ ბიულეტენს უბანზე შეიტანდა და ახალ სუფთას გამოიტანდა. გამოცემა Átlátszó-ს მიხედვით, 2022 წელს ეს პრაქტიკა აქტიურად გამოიყენებოდა სოფლებში, რამაც მმართველ პარტიას თითქმის ასპროცენტიანი შედეგი მოუტანა.
დამოუკიდებელი დამკვირვებლების აზრით, არც ახლანდელი კამპანია ყოფილა სამართლიანი. მაგალითად, დოკუმენტური საგამოძიებო ფილმის „ხმის ფასი“ ავტორები, რომელიც კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე ბუდაპეშტში აჩვენეს, ამტკიცებდნენ, რომ მმართველმა პარტიამ რეგიონებში შექმნა ქსელი არჩევნებზე ზეწოლისთვის. “ფიდესის” ჩანაფიქრით, ამ ქსელს 600 ათასი ადამიანი უნდა მოეცვა, რაც მოსალოდნელი აქტივობის დაახლოებით 10%-მდეა.
სოფლებში ხელისუფლების მხარდამჭერები, თვითმხილველების თქმით, მოსახლეობას „სწორი“ ხმის სანაცვლოდ 50-60 ათას ფორინტს, ანუ დაახლოებით 130-160 ევროს სთავაზობდნენ. როგორც ირწმუნებოდნენ, ლოიალობას ყიდულობდნენ ასევე პროდუქტებით, შეშით, სამსახურის დაპირებით და იაფი სინთეზური ნარკოტიკით „სმოკით“, რომელიც ღარიბ სოფლებში პოპულარულია.
ამ სისტემაში მნიშვნელოვან როლს ადგილობრივი ადმინისტრაციების ხელმძღვანელები ასრულებდნენ, რომლებიც ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსებზე წვდომას აკონტროლებდნენ. მაგალითად, ერთ-ერთ სოფელში „ფიდესიდან“ არჩეული მერი ამავე დროს ექიმიც იყო. როგორც ფილმში ითქვა, ის პაციენტებს ემუქრებოდა, რომ წამლების რეცეპტებს არ გამოუწერდა, თუ მმართველ პარტიას ხმას არ მისცემდნენ.
ადმინისტრაციული ზეწოლის პარალელურად კამპანიას ფიზიკური დაძაბულობაც ახლდა. ამ საარჩევნო ციკლის ერთ-ერთ თავისებურებად იქცა შავ ქურთუკებში ჩაცმული, ფიზიკურად ძლიერი მამაკაცების ორგანიზებული ჯგუფები, რომლებსაც პრესამ „უნგრელი ტიტუშკები“ უწოდა.
ისინი პრემიერ-მინისტრს ყველა მოგზაურობაში დაჰყვებოდნენ და ცდილობდნენ, ჩაეხშოთ იმ ადამიანების ხმა, რომლებიც პროსახელისუფლებო მიტინგებზე უკმაყოფილების გამოსახატავად მიდიოდნენ. საჭიროების შემთხვევაში ეს „მხარდამჭერი ჯგუფი“ პროტესტის მონაწილეებს გზას უღობავდა, ხელიდან პლაკატებს ართმევდა და „ფიდესის“ მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდა.
თუმცა, ნაცრისფერ და შავ ზონაში მოქმედება მხოლოდ დამატებითი ბონუსები იყო იმ ლეგალური და უკვე კარგად გამართული მექანიზმებისათვის, რომლებიც „ფიდესმა“ ხელისუფლების შესანარჩუნებლად წლების განმავლობაში შეიმუშავა. ორბანის მმართველობის პერიოდში მისმა გუნდმა არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო, რომლებითაც ძალაუფლების შენარჩუნებას იმარტივებდა.
მაგრამ 2026 წლის 12 აპრილს ამ ყველაფერმა ვერც „ფიდესი“ და ვერც თავად ვიქტორ ორბანი ვერ გადაარჩინა. 16-წლიანი უწყვეტი მმართველობით დაგროვილი დაღლილობა უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
exchange