სიახლე

ოზურგეთსა და ჩოხატაურს მილიონები, ლანჩხუთს _ არაფერი?

GuriaNews

მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს დამატებით 58 325 781 ლარი გამოეყო. დოკუმენტის თანახმად, გაიზარდა 11 მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი დაფინანსება, რომელიც ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მათ შორის ქალაქებისა და სოფლების შიდა გზების რეაბილიტაციას მოხმარდება. ამ თანხიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 11 618 205 ლარს მიიღებს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი კი _ 4 962 820 ლარს. აღნიშნულ ჩამონათვალში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი […] The post ოზურგეთსა და ჩოხატაურს მილიონები, ლანჩხუთს _ არაფერი? appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს დამატებით 58 325 781 ლარი გამოეყო.

დოკუმენტის თანახმად, გაიზარდა 11 მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი დაფინანსება, რომელიც ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მათ შორის ქალაქებისა და სოფლების შიდა გზების რეაბილიტაციას მოხმარდება.

ამ თანხიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 11 618 205 ლარს მიიღებს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი კი _ 4 962 820 ლარს. აღნიშნულ ჩამონათვალში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი არ არის, რასაც ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები კრიტიკით გამოეხმაურნენ.

“ლანჩხუთი აღარაა გურიის შემადგენლობაში?

ლანჩხუთში რომ დანგრეული სკოლები და ბაღებია და მოსაწესრიგებელია გზები, გაბიონები და სანიაღვრე არხები, არ იცით?” _ წერს სოციალურ ქსელში ენმ-ის გუნდის ლანჩხუთელი წევრი ირმა მგელაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მისამართით.

“ვერ ამიხსნია ერთი რამ _ თუ გურიის რეგიონში ოზურგეთმა და ჩოხატაურმა უნდა მიიღონ დამატებითი თანხები, ლანჩხუთს რა, არ სჭირდებოდა? აქვს თავისი საკმარისად, თუ ყველაფერი გაკეთებულია და დამატებითი თანხების მოზიდვა საჭირო აღარ არის? თუ არ ვცდები, გასულ წელსაც ანალოგიური მოხდა და მართლა გაუგებარია ეს ყველაფერი, როცა პრობლემები და შეუსრულებელი ვალდებულებები საკმაოდ ბევრია. თუნდაც ჭანჭათის გზა, რომელიც ათეული წელია გამოწვევაა და ეს სოფელი ერთადერთია მუნიციპალიტეტში, რომელსაც ასფალტის საფარიანი გზა ჯერ არ ღირსებია“, _ ამბობს “ძლიერი საქართველო – ლელოს” ადგილობრივი ლიდერი გოჩა ჯანაშია.

ფაქტია, რომ ლანჩხუთის სოფლებში, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან ინფრასტრუქტურის კუთხით დიდი თანხები იხარჯება, მაინც საკმაოდ მწვავე პრობლემებია. ამის მაგალითად სოფელ ჭანჭათის მოყვანაც საკმარისია, რომლის მოსახლეობა წლებია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სოფელში გზის პრობლემა მწვავედ დგას.

“უკვე აღარ ვიცით, რანაირად შევძლოთ უგზოობის პრობლემის მოგვარება.

მანქანით საერთოდ ვერავინ ადის და სასწრაფო ან სახანძრო–სამაშველო რომ გახდეს საჭირო, ვერ ავა. ხალხი საკვებს და რაც საჭიროა, ხელით ეზიდება ოჯახებში.

აღმართში ტვირთის ატანა წარმოიდგინეთ, რა ძნელია“, _ წერს მოქალაქე “გურია ნიუსს”.

სოფელ ჭანჭათში მოსახლეობას უგზოობის პრობლემა რომ აწუხებს, ეს ახალი ამბავი არ არის. წლებია, უგზოობა ამ სოფლის ერთგვარ “სავიზიტო ბარათად” იქცა. ამ პრობლემის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან საჯაროდ არაერთხელ ითქვა:

“ლამის მდინარეების კალაპოტებს ჰგავს ამ სოფლის გზები;

გზა აუცილებელია. ფეხითაც ვერ გაივლის ადამიანი, ისეთი მდგომარეობაა. ბავშვები ყოველდღე როგორ უნდა მივიდნენ სკოლაში?

პრიორიტეტია, სოფელს წესიერი გზა ეღირსოს, რომ ტალახში არ ვეფლობოდეთ და მანქანა ჭიშკრამდე მიგვყავდეს;

რა გახდა ჩვენი პრობლემის გადაჭრა ამდენი ხანი, გაუგებარია. რას ვითხოვთ ასეთს? გზა არის ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა, რომ ნორმალურად გადაადგილების საშუალება გვქონდეს. ოცდამეერთე საუკუნეა, ამაზე საუბარიც სირცხვილია, მაგრამ ამდენი ხანი ჩვენი იგნორირება უფრო სირცხვილი არაა?!”

ცნობისთვის, გასული წლის დეკემბერში ლანჩხუთის საკრებულომ მოიწონა განკარგულება 2026 წელს მუნიციპალიტეტში გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

ამ დოკუმენტის მიხედვით, რეგიონული განვითარების ფონდით გასახორციელებელი პროექტების ნუსხაში აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ორი პროექტი იყო შეტანილი: გაგურის ცენტრიდან ნაგომრის ხიდამდე ასფალტ-ბეტონის გზის მოწყობა _ 2 430 645 ლარის ღირებულების და ასევე გაგურის ცენტრიდან ზომლეთის ხიდის მიმართულებით გზის ახალი საფარის დაგება _ 1 998 898 ლარის ღირებულების. ეს უკანასკნელი სოფელ ჭანჭათის ტერიტორიას მოიცავდა.

თუმცა, საბოლოოდ, ორი პროექტიდან მუნიციპალიტეტმა პრიორიტეტი პირველს მიანიჭა და წელს გასახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჭანჭათის გზის თემა აღარ გვხვდება.

ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე ამ თემასთან დაკავშირებით თქვა, რომ ჭანჭათის გზა მართლაც გასაკეთებელია, “თუმცა, ამ ეტაპისთვის არ არის გათვალისწინებული“.

ადგილობრივი ხელისუფლების დაპირებით, ჭანჭათში გზის პრობლემის მოგვარება მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი.

The post ოზურგეთსა და ჩოხატაურს მილიონები, ლანჩხუთს _ არაფერი? appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი