knews.ge
ე.წ. უდოს კომისიამ მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივმა საბჭომ, ე.წ. უდოს კომისიამ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელს 30 მარტს ჩაჰბარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.
„პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციიდან მოწოდებული მასალების თანახმად, მზია ამაღლობელი დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას – ანუ კვლავ დემონსტრაციულად რჩება იმ აზრზე, რომ მისი ქმედება არ წარმოადგენს დანაშაულს.
ასევე იგი სხვადასხვა მიზეზის მოშველიებით არ ერთვება ადმინისტრაციის მხრიდან მისთვის შეთავაზებულ სოციალურ პროგრამებში, რაც პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესთან.
ამ კრიტერიუმზე მსჯელობისას საბჭომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია სწორედ იმ გარემოებას, რომ დღეის მდგომარეობით, სასჯელის მოხდილმა ნაწილმა არანაირი გავლენა არ მოახდინა მზია ამაღლობელის რესოციალიზაციის პროცესზე,“ – წერია პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაში.
თავის გადაწყვეტილებაში საბჭო მიუთითებს, რომ „სასჯელის მიზანს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენის მიზანი კი მიღწეულია მაშინ, როცა სასჯელი საზოგადოებასა და დაზარალებულ პირს უბრუნებს სამართლიანობის უზენაესობის შეგრძნებას”. საბჭომ დაადგინა, რომ მზია ამაღლობელის პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღება “იქნება იმ მრავალრიცხოვანი სამართალდამცავის უპატივცემულობა, რომლებიც იცავენ ქვეყნის მართლწესრიგისა და კანონისადმი პატივისცემას“.
პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივმა საბჭომ დაადგინა, რომ მზია ამაღლობელის მიერ მოხდილმა სასჯელმა (14 თვე პატიმრობა) ვერ უზრუნველყო მზია ამაღლობელის მიერ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება, საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა და სამართლიანობის აღდგენა.
მზია ამაღლობელის გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობა 2026 წლის 9 მარტს განიხილა პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივმა საბჭომ, რომელიც 4 წევრისაგან შედგება: საბჭოს თავმჯდომარე თამარ გელოვანია (სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი); წევრები: მარინა ყუფარაძე (სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი), ხატია თადიაშვილი (პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი), დავით ბუღაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, იუსტიციის სასწავლო ცენტრი).
უდოს კომისიაზე პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებს ციხის ადმინისტრაცია. მზია ამაღლობელის პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობით #5 პენიტენციურმა დაწესებულებამ უდოს კომისიას მიმდინარე წლის 12 იანვარს მიმართა. შუამდგომლობაში #5 პენიტენციური დაწესებულება მიუთითებდა შემდეგ გარემოებებზე:
„დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მზია ამაღლობელი ძირითადად სარგებლობს საბიბლიოთეკო მომსახურებით, თავისუფალ დროს დაკავებულია კითხვით და წერით. ამჟამად დაასრულა იაპონური ენის შემსწავლელი ონლაინკურსი. აღიარებს მომხდარ ფაქტს, თუმცა ამ შემთხვევას არ მიაკუთვნებს სისხლის სამართლის დანაშაულს.
ფსიქოლოგთან ინტერვიუირების პროცესში არ გამოკვეთილა მიდრეკილება ემოციური აგრესიისაკენ, ანტისოციალური ქცევისაკენ, ფსიქოლოგიური მოწყვლადობისაკენ. არ გამოკვეთილა რომელიმე ეს რისკ-ფაქტორი.
არის კეთილგანწყობილი თანამოსაუბრის მიმართ. ვიზუალურად მოწესრიგებული. დიალოგში ერთვის მარტივად, თხრობის სტილი თანმიმდევრული, ლოგიკურად აყალიბებს არგუმენტებს, ჯანსაღი კოგნიტიური და სოციალური უნარებით.
აქვს მომავლის გეგმები. პირველ რიგში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების გამკლავება, უნდა აღიდგინოს შრომისუნარიანობა, ასევე გააგრძელოს მოღვაწეობა პროფესიულ ნიშაში”, – წერია ციხის ადმინისტრაციის შუამდგომლობაში.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასამართლეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო. 2025 წლის 6 აგვისტოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
The post ე.წ. უდოს კომისიამ მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა appeared first on knews.ge.