გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელი, ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა — შესაბამისი გადაწყვეტილება ე.წ. უდოს კომისიამ მიიღო.
როგორც ირკვევა, კომისიამ დაასკვნა, რომ ამაღლობელის ვადამდე გათავისუფლება მიზანშეწონილი არ არის, რადგან, მათივე შეფასებით, „ის დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას.
უდოს კომისიას შუამდგომლობით რუსთავის ქალთა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ მიმართა, რასაც თან ერთვოდა პატიმრის დადებითი დახასიათებაც. მიუხედავად ამისა, კომისიამ უარი განაცხადა.
„პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციიდან მოწოდებული მასალების თანახმად, მზია ამაღლობელი დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას – ანუ კვლავ დემონსტრაციულად რჩება იმ აზრზე, რომ მისი ქმედება არ წარმოადგენს დანაშაულს.
ასევე იგი სხვადასხვა მიზეზის მოშველიებით არ ერთვება ადმინისტრაციის მხრიდან მისთვის შეთავაზებულ სოციალურ პროგრამებში, რაც პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესთან.
ამ კრიტერიუმზე მსჯელობისას საბჭომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია სწორედ იმ გარემოებას, რომ დღეის მდგომარეობით, სასჯელის მოხდილმა ნაწილმა არანაირი გავლენა არ მოახდინა მზია ამაღლობელის რესოციალიზაციის პროცესზე,“ – წერია პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაში.
მზია ამაღლობელი ერთი წელი და სამი თვეა პატიმრობაში იმყოფება. მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძე, მიმართ სილის გაწვნის ფაქტზე.
მოქმედი კანონმდებლობით, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულს ვადამდე გათავისუფლება შეუძლია სასჯელის ნახევრის მოხდის შემდეგ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია იღებს.
The post მზია ამაღლობელს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი უთხრეს appeared first on ODISHINEWS.